ცვლილებები რეიტინგში - რიბაკინამ ჟენგს მოუგო და WTA-ს პირველი ნომერია
US OPEN-ის მეოთხედფინალში ელენა რიბაკინა ჟენგს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 3:6 6:1 6:4 დაამარცხა.
ამ შედეგით, ყაზახეთის სახელით მოასპარეზე ჩოგბურთელი WTA რეიტინგის პირველი ნომერი გახდა. როგორც არ უნდა დასრულდეს ამერიკის ღია პირველობა, რიბაკინას ვერავინ დაეწევა. ამ მომენტისთვის მას 8681 ქულა აქვს.
რაც შეეხება მატჩს, პირველ სეტში ელენას ბევრი უნებლიე შეცდომა ჰქონდა, რის ხარჯზეც ჩინელმა ჩოგბურთელმა 1-ბრეიკიანი უპირატესობით გაიმარჯვა.
მეორე სეტში მთლიანად რიბაკინა დომინირებდა, რაც ანგარიშშიც აისახა. დისაიდერი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გარდატეხა მე-9 გეიმში შედგა, სადაც რიბაკინამ გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა, მატჩზე ჩააწოდა და თამაში მოიგო.
აღსანიშნავია, რომ რიბაკინა ისტორიაში პირველად გავიდა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში და ასევე ისტორიაში პირველად არის რეიტინგის პირველი ნომერი.
ცნობისთვის, ელენა რიბაკინა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში მირა ანდრეევასა და კოკო გაუფს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.