ლაშა გუჯეჯიანი, ალექსი დავითაშვილი, ჯარჯი ზვიადაური
Aa
Aa

„ჯარჯი კარგი ვარიანტი იქნება“ - დავითაშვილი გუჯეჯიანის წასვლას გამოეხმაურა

ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, რომელსაც 4-დან 16 ოქტომბრამდე აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს, ორ თვეზე ოდნავ მეტი რჩება. ასეთ დროს წამყვანი ქვეყნების ნაკრებთა უმეტესობა მზადების გადამწყვეტ ეტაპს გადის და წესით, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებიც ანალოგიურ სიტუაციაში უნდა იყვნენ, თუმცა მოხდა ისე, რომ ძიუდოისტები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩნენ, რაც მზადების პროცესში გარკვეულ შეფერხებებს თავისთავად გამოიწვევს. ლაშა გუჯეჯიანმა, რომლის ხელმძღვანელობითაც სპორტის ამ სახეობაში უკანასკნელ წლებში საქართველომ არნახულ წარმატებებს  მიაღწია, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ქართულ ძიუდოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ალექსი დავითაშვილის მოსაზრების მოსმენა ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესოა - ვეტერან ძიუდოისტებს შორის მსოფლიოს 9-გზის ჩემპიონი და ქართულ ჭიდაობაში 8-გზის აბსოლუტური ფალავანი გუჯეჯიანის წასვლით ბუნებრივია უზომოდ გულდაწყვეტილია, თუმცა თვლის, რომ სპორტის ამ სახეობაში საქართველოს წინსვლა და განვითარება მომავალშიც გაგრძელდება, რაც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუშიც დაადასტურა.

ალექსი დავითაშვილი

ლაშა გუჯეჯიანმა რაც მოსაგები იყო, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამპლუაში ყველაფერი მოიგო და მისი წასვლა ბუნებრივია დიდი დანაკლისი იქნება. თავადაც კარგად უწერია მიზეზი, რომ ძველებური მოტივაცია აღარ ჰქონდა, რაც ნამდვილად არ მიკვირს. უცნაური არაფერია იმაში, რომ როდესაც შენს ქვეყანას ამდენ წარმატებას მოუტან, მუშაობას დროებით დასვენება ამჯობინო.

უზბეკეთის ნაკრებში გუჯეჯიანის შესაძლო დანიშვნის შესახებ მეც გავიგე, მაგრამ რამდენად რეალურია, ამის თაობაზე ვერაფერს გეტყვით. ისე კი, მე თუ მკითხავთ, ახალი გამოწვევების მიღება და ახალი მწვერვალების დაპყრობა მისი მხრიდან საინტერესო იქნება, თუნდაც უცხო ქვეყანაში მუშაობის დროს. ლაშა ძალიან ძლიერი სპეციალისტია და წარმატებებს ვუსურვებ.

მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ასეთი ცვლილება ბუნებრივია კარგი არ არის, მაგრამ ნაკრებში არიან მწვრთნელები, რომლებიც ძიუდოისტების იმ დონეზე მომზადებას, რომ ისინი ტურნირის დროს ფორმის პიკზე გავიდნენ, საკუთარ თავზე უპრობლემოდ აიღებენ. ვინ უნდა იყოს გუჯეჯიანის შემცვლელი, ამაზე ჯერჯერობით სერიოზულად არ მიფიქრია. თუმცა, ვარჯიშებისას, ქართველ ძიუდოისტებთან ერთად დავინახე ჯარჯი ზვიადაური და კარგი ვარიანტი უნდა იყოს, რადგან ჯერ ერთი რომ ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა წევრთან მეგობრობს და გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, უძლიერესი სპეციალისტია.

რაც შეეხება მოახლოებულ მსოფლიოს პირველობას, ჩემი ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ამ ტურნირისთვის ლაშა ბექაურმა გამოჯანმრთელება და ჭიდაობა მოასწროს. ყოველ შემთხვევაში ვარჯიშობს და თუ ისეთ ფორმაში შევიდა, რომ საკუთარი თავის იმედი ექნება, ალბათ ტატამიზე აუცილებლად გავა. რაც შეეხება გრიგალაშვილი-არბუზოვის დაპირისპირებას, ფინალში თუ შეხვდებიან, ტატო რევანშს აუცილებლად აიღებს.

ცნობისათვის, ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით ქართველმა ძიუდოისტებმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე 1 ოქროსა და 3 ვერცხლის, ხოლო 2024 წლის პარიზის თამაშებზე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. 2025 წელს კი საქართველოს ნაკრებმა მისი მწვრთნელობით კიდევ ერთ ისტორიულ წარმატებას მიაღწია და გუნდურ შეჯიბრებაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაისურაძე არაჩვეულებრივია, მაგრამ ბექაური სულ სხვა ფენომენია“ - ხაბარელმა 2025 წელი შეაჯამა
„მაისურაძე არაჩვეულებრივია, მაგრამ ბექაური სულ სხვა ფენომენია“ - ხაბარელმა 2025 წელი შეაჯამა