„ტატოს ადგილზე ამას ახლავე გავაკეთებდი“ - ხუბულურის შეფასებები
თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვეს და ოთხ წონით კატეგორიაში ჩემპიონობითაც გაგვახარეს. ბუნებრივია, იყვნენ სპორტსმენები, რომელთაგანაც გულშემატკივარი უფრო მეტს ელოდა, თუმცა საერთო სურათი მართლაც ფანტასტიური იყო.
მნიშვნელოვანი ტურნირების შემდეგ ყოველთვის საინტერესო მოსასმენია სპეციალისტების მოსაზრებები და Crystalsport-ის რესპოდენტი ამჯერად როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი თემურ ხუბულური იყო, რომელმაც თითოეულ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობა საინტერესოდ შეაფასა.
თემურ ხუბულური
გიორგი სარდალაშვილი როგორც ყოველთვის ძალიან სტაბილურად ჭიდაობს და ევროპის ჩემპიონატზე მისგან მეტის იმედი გვქონდა, მაგრამ ძიუდოა, სპორტია და შემთხვევითობებსაც ხშირად აქვს ადგილი. გიორგი უზომოდ პერსპექტიული და მშრომელი ბიჭია და ჩემი აზრით, მომავალში ხარისხს კიდევ უფრო გამოასწორებს, რის ხარჯზეც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი არაერთხელ გახდება.
სამწუხაროდ 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბოლო პერიოდში პრობლემები გვაქვს და არც პერსპექტიული ახალგაზრდა არავინ გამოჩნდა. მარგველაშვილი მგონი უკვე 30 წელს გადაცილებულია და ასაკიც თავისას შვრება - ამდენი შეჯიბრებები, ამდენი წონის კლება ბუნებრივია მოქმედებს. მე რასაც ვუყურებ ვაჟას, გამომაქვს დასკვნა, რომ ადამიანია და მისი შესაძლებლობები ალბათ იწურება. ძალიან კარგი ძიუდოისტია, მაღალი შედეგები აქვს, მაგრამ ნუ ფაქტია, შედეგი ბოლო პერიოდში აღარ არის.
ლაშა შავდათუაშვილი განუმეორებელი ძიუდოისტია თავისი მონაცემებითა და შრომისუნარიანობით. სწორედ ის არის ეტალონი იმისა, როგორი უნდა იყოს სპორტსმენი და როგორი ცხოვრების წესით უნდა იცხოვროს. დიდი ხანია შავდათუაშვილს ვიცნობ, მუდამ მუშაობდა საკუთარ თავზე, დღესაც მუშაობს და შედეგიც სახეზეა.
ტატო გრიგალაშვილის ადგილზე მე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გადავიდოდი, რამეთუ რაც მეტი დრო გავა და გვიან გადავა, უფრო მეტად გაუჭირდება. ეს რჩევა შემიძლია მივცე მეგობრულად და მამა-შვილურად, რადგან რასაც ვუყურებდი, ძალიან უჭირს წონის კლება. ვეღარ ვხედავთ ძველ გრიგალაშვილს, რომელიც არ იღლებოდა. თუ შეძლებს და ისევ ისეთივე ვერსიას მივიღებთ მისგან, მაშინ რა თქმა უნდა, არბუზოვის დამარცხებისა და ტიტულის დაბრუნების ჩინებული შანსი იქნება, თუმცა ამ გადმოსახედიდან ძალიან რთულია გადაჭრით რაიმეს თქმა.
არბუზოვი სერიოზული კი არა, უსერიოზულესი მოჭიდავეა, მაგრამ შეუცვლელი და დაუმარცხებელი არც ის და არც არავინ არ არის. ტედი რინერი რომ ტედი რინერია, ისიც რამდენჯერმეა დამარცხებული. თუმცა რასაც ვუყურებ არბუზოვის შესაძლებლობები და ტალანტი შთამბეჭდავია, ნამდვილი ვარსკვლავია.
ლაშა ბექაურს ამ ევროპის ჩემპიონატით ვერ შევაფასებთ, რადგან ტრავმირებული იყო. თუმცა, ფაქტია, ნამდვილი ვარსკვლავია, უდიდესი სპორტსმენია, შედეგებითაც, ჭიდაობითაც, კლასითაც - ყველანაირად დადებით შეფასებას ვაძლევ მას და მინდა, რომ მესამედაც გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი. მაისურაძეც გადასარევი ძიუდოისტია, ტექნიკურად ჭიდაობს, ფიზიკური მონაცემებიც კარგი აქვს და ლუკა და ლაშა ერთმანეთის ღირსეული კონკურენტები არიან.
ილია სულამანიძე ჩემი საყვარელი ძიუდოისტია - კარგი სპორტსმენია, კარგი ბიჭია. ადამიანურ მხარესაც რომ შევხედოთ, ინტელექტუალი, დიდი ძიუდოისტია და აუცილებლად გახდება მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი, საამისოდ საჭიროა თავდაჯერება და მეტი შრომა.
ბოლო შედეგებიდან გამომდინარე, გურამ თუშიშვილის ჩემპიონობაში გულწრფელად რომ გითხრათ ცოტა ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ ისე დამაჯერებლად იჭიდავა, ტექნიკურად, ტაქტიკურად უშეცდომოდ გამოვიდა და მიხარია, რომ დიდ სპორტსმენთან ერთად დიდი ადამიანიც არის.
შეგახსენებთ, რომ თემურ ხუბულურმა ოლიმპიური ვერცხლი 1980 წელს მოიგო, მსოფლიოს ჩემპიონი 1979 და 1981 წლებში გახდა, ხოლო ევროპის ჩემპიონობა 1976 და 1979 წლებში იზეიმა. ამჟამად ის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია.