ლაშა გუჯეჯიანი, ირაკლი უზნაძე, ჯარჯი ზვიადაური
Aa
Aa

„ზვიადაური? კიდევ ერთ კანდიდატურაზე ვფიქრობ“ - ლიპარტელიანი გუჯეჯიანის შემცვლელზე

ქართულ ძიუდოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სპორტის ამ სახეობის მოყვარულები და ვეტერანი ძიუდოისტები თვალყურს დიდი ყურადღებით ადევნებენ. რამდენადაც მშვიდად არ უნდა ვიყოთ, წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირამდე ორი თვით ადრე მთავარი მწვრთნელის გადადგომა ძალაუნებურად როგორც ნაკრების მოქმედ წევრებს, ასევე ქომაგებს სერიოზულ საფიქრალს უჩენს. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და ლაშა გუჯეჯიანის წასვლის თაობაზე, Crystalsport-მა ინტერვიუ წარსულში ცნობილ ქართველ ძიუდოისტთან სოსო ლიპარტელიანთან ჩაწერა, რომელმაც ნაკრების ახალი მესაჭის თაობაზე საკმაოდ საინტერესო კანდიდატურები გააჟღერა.

სოსო ლიპარტელიანი

ნამდვილად გამიკვირდა ლაშა გუჯეჯიანის გადადგომა, რადგან ის ეროვნულ გუნდს კარგად უძღვებოდა და შედეგებიც ჰქონდა. მითუმეტეს, რომ ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე მისმა შეგირდებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს. რატომ და რა მიზეზის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება, ეგ ჯერ არ გამირკვევია.

იწერება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ლაშა უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს, მაგრამ მე პირადად ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, ჩემი აზრით, თუ უზბეკეთში გადასვლას აპირებდა, სჯობდა ეს ოლიმპიური ციკლი ჩაემთავრებინა და მერე დაეტოვებინა საქართველოს ეროვნული გუნდი.

რამდენად სარწმუნოა ის არგუმენტი მოტივაციის დაკარგვასთან დაკავშირებით, რომელიც თავად გუჯეჯიანმა გააჟღერა? ზუსტად ვერაფერს გეტყვით, რადგან ბოლო წლებში ძიუდოს ჩამოშორებული ვარ, მაგრამ მოგვიანებით ალბათ თავად ისაუბრებს რეალური მიზეზების თაობაზე. გუნდი კარგად მიდიოდა, მშვენიერი შედეგები ჰქონდა და მე ვფიქრობ, რომ ლოს-ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიადისთვის სპორტსმენები მას უნდა მოემზადებინა.

მისი შემცვლელის მოძებნა ფედერაციის ხელმძღვანელების პრეროგატივაა, მაგრამ ჩემი აზრით, ირაკლი უზნაძის დაბრუნება ცუდი ვარიანტი ნამდვილად არ იქნებოდა. დიდი მწვრთნელი იყო, დიდი შედეგები ჰქონდა მასაც და ვფიქრობ, ნაკრები მის ხელში აღებულ ტემპს არ დააგდებს. ასევე ჯარჯი ზვიადაურიც კარგი კანდიდატურა უნდა იყოს. ორივე მათგანს დიდი გამოცდილება აქვს. ალბათ ფედერაციას უკვე გადაწყვეტილი ექნება ამ თემასთან დაკავშირებით ყველაფერი.

ცნობისათვის, სოსო ლიპარტელიანი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა - 1996 წლის ატლანტას თამაშებზე ის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო იქამდე სამი წლით ადრე, 1993-ში ევროპის პირველობაზე ვერცხლის მედალი ჰქონდა მოგებული.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლიპარტელიანი: “კარგი იქნებოდა ცვლილებები ქალთა ნაკრებსაც შეხებოდა“
ლიპარტელიანი: “კარგი იქნებოდა ცვლილებები ქალთა ნაკრებსაც შეხებოდა“