„ტრავმა მიიღო და ამის გამო არ თამაშობს“ - სენტ-ეტიენის მწვრთნელმა ზურიკოზე ისაუბრა
გუშინ, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში შვეიცარიულ „ლოზანას“ დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა. ქართველი შემტევი სამატჩო განაცხადში ამჯერადაც არ იყო.
ზურიკო დავითაშვილმა პრესეზონზე „სენტ-ეტიენის“ ყველა ამხანაგური მატჩი გამოტოვა. ამის გამო, ფრანგული მედია ვარაუდობს, რომ 25 წლის ფეხბურთელი მალე კლუბს დატოვებს და მისი განაცხადსმიღმა დატოვების მიზეზიც სწორედ ეს ხდება, თუმცა გუშინდელი მატჩის შემდეგ „სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, იან კათრომ განაცხადა, რომ დავითაშვილმა რამდენიმე კვირის წინ ტრავმა მიიღო, რის გამოც პრესეზონზე ქართველის მდგომარეობით გარისკვა არ სურს.
რას ამბობს იან კათრო:
„ზურიკო დავითაშვილმა ამ ზაფხულს დაზიანება მიიღო. მას ტრავმა საზარდულის არეში აქვს. აქამდე მის დაზოგვას ვცდილობდით. პრესეზონი ტრავმირებული ფეხბურთელებისთვის ზოგჯერ სახიფათოა - ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, მათ დიდი დატვირთვა აქვთ და ზოგჯერ ჯობს, მოთმინება გამოვიჩინოთ. მოგვიანებით, მათი დაბრუნებისას, რისკები არიდებული იქნება და თავს ბევრად კომფორტულად იგრძნობენ. ამჟამად ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს“.
„სენტ-ეტიენი“ პრესეზონზე ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 1 აგვისტოს, „ვენეციას“ წინააღმდეგ“ გამართავს, საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველ ტურში კი 8 აგვისტოს, „სოშოს“ დაუპირისპირდება.