სარფიანი წინადადება საუდის არაბეთიდან | რუდი გალეტი წიტაიშვილზე წერს
საუდის არაბეთის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელმა, „ალ-ტაავუნმა“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, გიორგი წიტაიშვილს მრავალწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. ამის შესახებ ცნობილი სატრანსფერო ინსაიდერი, რუდი გალეტი იტყობინება.
მისი ინფორმაციით, „ალ-ტაავუნმა“ წიტაიშვილს სარფიანი შეთავაზებით მიმართა, თუმცა ფეხბურთელისგან უარი მიიღო.
„წიტაიშვილი ევროპაში თამაშს ამჯობინებს. ამჟამად ყველაზე ახლოს მის გაფორმებასთან ნიდერლანდური „პსვ ეინდჰოვენი“ და გერმანული „ფრაიბურგი“ არიან, თუმცა ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი“, - წერს რუდი გალეტი.
გიორგი წიტაიშვილი კიევის დინამოს აკადემიის აღზრდილია და სხვადასხვა დროს უკრაინულ „ვორსკლასა“ და „ჩერნომორეცში“, პოლონურ „ვისლასა“ და „ლეხში“, ბათუმის „დინამოში“ და ესპანურ „გრანადაში“ ჰყავდა განათხოვრებული.
გასული სეზონი წიტაიშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში, „მეცში“ გაატარა, ზაფხულში კი კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. 25 წლის ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში 30 მატჩი აქვს ჩატარებული.