მიქაუტაძის ასისტი და გადამწყვეტი პენალტი - ვილიარეალმა კომოს მოუგო
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ქართველი შემტევის გუნდი კომოს თასზე „კომოს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა.
ეს მატჩი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. გუნდებმა მხოლოდ ერთი, 45-წუთიანი ტაიმი ითამაშეს, რომელიც 1:1 დასრულდა, შემდეგ კი პენალტების სერია შეასრულეს, რომელშიც საწყისი 5 დარტყმის მაგივრად, 3 შეასრულეს. სერიაში „ვილიარეალმა“ 3:1 გაიმარჯვა.
გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა შემტევმა ჯერ მოლეიროს გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემა შეასრულა, შემდეგ კი „კომოს“ კარში გადამწყვეტი, მესამე პენალტი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
კომოს თასზე „ვილიარეალი“ მეორე მატჩს 1 აგვისტოს, ფრანგული „ლანსის“ წინააღმდეგ გამართავს. მინი-ტურნირის შემდეგ, მიქაუტაძის გუნდს კიდევ ორი ამხანაგური მატჩი ელის - 5 აგვისტოს „ლევანტესთან“ და 8 აგვისტოს „გალათასარაისთან“, ლა ლიგის ახალ სეზონს კი 16 აგვისტოს, გიორგი გულიაშვილის „რასინგთან“ მატჩით დაიწყებს.