„UFC-ის კაპიკებით დაღესტანსა და ბრაზილიაში მეფესავით ცხოვრობენ“ - სტრიკლენდი ჰონორარებზე
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი შონ სტრიკლენდი ისეთი პიროვნებაა, რომელიც არც ერთ თემაზე საჯაროდ საუბარს არ ერიდება. ყველას კარგად ახსოვს თეთრი სახლის გრანდიოზული ღონისძიების წინ მის მიერ მოწყობილი სკანდალი, სადაც ის ორგანიზატორებს ადანაშაულებდა, რომ ჩხუბებზე დასასწრებად არ უშვებდნენ. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ შონი ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელების, დენა უაითისა და ჰანტერ კემპბელის მიმართ დიდი სიმპათიებით არ არის განწყობილი, რაც მისი ბოლო კომენტარიდანაც კარგად გამოჩნდა.
შონ სტრიკლენდი
ჩხუბი - ეს საშინელებაა. თუ მებრძოლი ხარ, ეს ავტომატურად სიღარიბეს ნიშნავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ UFC-ში ჩხუბობ. დენა უაითი და ჰანტერ კემპბელი დამწყებ მებრძოლებს 10 ათას დოლარს უხდიან, ზოგს კი 20 ათასს აძლევენ. თუმცა, ნებისმიერი სპორტსმენი ამ თანხიდან აძლევს წილს მენეჯერს და ამ თანხიდან იბეგრება საშემოსავლო. თუ წააგებ, მიიღებ 7-8 ათას დოლარს, მაგრამ თუ ტრავმა მიიღე და ვერ იჩხუბე, საერთოდ ცარიელი რჩები, რაც ნამდვილი ტრაგედიაა.
როგორ ფიქრობთ, რატომ აღწევენ UFC-ში წარმატებას ძირითადად უცხოელები? იმიტომ, რომ ისინი ჰონორარებით აღფრთოვანებულები არიან. ფაველაში გაზრდილი ბრაზილიელისთვის 10 ათასი ის ფულია, რომლითაც ცხოვრებას აიწყობს. დაღესტნელები კი ამ თანხის აღების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულები მეფესავით ცხოვრობენ. ამ დროს აშშ-ში რა ხდება? 10 ათასი დოლარი რამდენიმე თვე ბინის ქირაშიც არ გეყოფა. ვაღიარებ, მე კარგად მიხდიან, თუმცა სხვებს, რომელთაც TOP-მებრძოლებად თვლიან, უფრო დიდ თანხას აძლევენ.
ცნობისათვის, შონ სტრიკლენდს კარიერის განმავლობაში ჩატარებული 38 ბრძოლიდან 31 აქვს მოგებული და 7 წაგებული. 31 გამარჯვებიდან 35 წლის ამერიკელმა 12 ნოკაუტით დაასრულა, 4 შემთხვევაში მოწინააღმდეგეს საბმიშენით აჯობა, ხოლო 15-ჯერ მსაჯების გადაწყვეტილებით გამოცხადდა გამარჯვებულად.