„დინამო სრულად დომინირებდა“ - გივი კვარაცხელიამ ჟალგირისთან მატჩზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გივი კვარაცხელიამ ლიეტუვურ სპორტულ გამოცემა 15min-თან ინტერვიუს დროს „დინამოსა“ და „ჟალგირისის“ მატჩზე ისაუბრა და თბილისური კლუბი შეაქო.
რას ამბობს გივი კვარაცხელია:
„პირადად ჩემზე „ჟალგირისის“ თამაშს ნამდვილად არ დაუტოვებია ცუდი შთაბეჭდილება. ვნახეთ, თუ რა კარგ ფეხბურთს თამაშობდა „დინამო“. ვილნიუსის გუნდი ნამდვილად არ გამოიყურებოდა ისე, თითქოს პირველ ტაიმში ჩამოიშალა. ჩვენმა გუნდმა უბრალოდ წნეხში მოაქცია „ჟალგირისი“. ასეთია ფეხბურთი - იმ საღამოს „დინამო“ უფრო ძლიერი იყო“.
„იმ მატჩში „დინამომ“ მეტოქე უბრალოდ პრესის ქვეშ მოაქცია და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. შემდეგ იყო „ჟალგირისის“ მეკარის შეცდომა, მოგვიანებით კი სტანდარტული მდგომარეობიდან კიდევ ერთი გოლი გავიდა. ვფიქრობ, იმ საღამოს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, „დინამო“ სრულად დომინირებდა“.
ცნობისთვის, გივი კვარაცხელია პროფესიონალური კარიერის დროს, 2005-2008 წლებში ლიეტუვურ „კაუნასში“ თამაშობდა და ადგილობრივ ფეხბურთს კარგად იცნობს. მან „კაუნასში“ 82 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. 47 წლის ვეტერან ფეხბურთელს 2000-2005 წლებში საქართველოს ნაკრებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრის პირველ მატჩში თბილისის „დინამომ“ „ჟალგირისი“ 3:0 დაამარცხა. საპასუხო მატჩი კი დღეს, საქართველოს დროით 21:00 საათზე ლიეტუვაში გაიმართება.