„იმედგაცრუებული ვარ, უფრო მეტი უნდა გაგვეტანა!“ - ტურე იბერიასთან მატჩზე
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ სტუმრად ბრატისლავის „სლოვანს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა, თუმცა ორი მატჩის ჯამში 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
თბილისური კლუბი ასპარეზობას ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე გააგრძელებს, „სლოვანი“ კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე წრეში ითამაშებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა, იაია ტურემ პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა ტურემ:
„ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული ვარ. საკმარისი შანსები შევქმენით იმისთვის, რომ მატჩი მოგვეგო. პირველი ტაიმი ნორმალური იყო, გუნდს კარგი ბალანსი ეჭირა, განსაკუთრებით საქართველოში ჩატარებულ პირველ შეხვედრასთან შედარებით“.
„თამაშს კარგად ვაკონტროლებდით, რამდენიმე მომენტიც შევქმენით, თუმცა შეტევის ხაზის მოთამაშეებს ეპიზოდების გოლით დასასრულებლად სიმშვიდე და თავდაჯერებულობა დააკლდათ. მეორე ტაიმი ბევრად უკეთ დავიწყეთ და შესვენების შემდეგ 20-30 წუთის განმავლობაში კარგად ვიასპარეზეთ. ამის შემდეგ ბიჭები დაიღალნენ. გულდაწყვეტილი ვარ ხელიდან გაშვებული მომენტების გამო. თუ გოლი ვერ გაგაქვს, სხვა რა უნდა ქნა? თუმცა, საბოლოო ჯამში, მესამე ეტაპზე გავედით, რაც მახარებს“.
„ბოლო წუთებში იყო სტრესი, დაძაბულობა, ორთაბრძოლები მოედნის ცენტრში. ცოტა დავიღალეთ და მოედნის ცენტრში მარტივი, სულელური ბურთების დაკარგვა დავიწყეთ. მეტოქეც სწორედ ამის ხარჯზე დაბრუნდა თამაშში. ფეხბურთელებისთვის რიტმის დაჭერა რთული იყო, ეს ნამდვილად მესმის, მაგრამ ეს ფეხბურთია“.
„ბევრი შანსი შევქმენით და ბოლო წუთზეც შეგვეძლო გოლის გატანა. ზოგადად, თუ გოლები ჩვენ გაგვაქვს, უპირატესობაც ჩვენს მხარესაა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სამი თუ ოთხი საგოლე ეპიზოდი შევქმენით, მაგრამ მართლაც ძალიან ბევრი ასიპროცენტიანი შანსი გავანიავეთ. ყველაზე მეტად სწორედ ეს მაბრაზებს. თუმცა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყოველთვის ვერ მოვიგებთ. გულწრფელი რომ ვიყო, მთლიანობაში ფეხბურთელებმა საკმაოდ კარგად ითამაშეს. მხოლოდ დასკვნითი ნაწილით ვარ იმედგაცრუებული“.
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე წრეში „იბერია 1999“ ჩრდილოეთ ირლანდიურ „ლარნეს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი სტუმრად, 6 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი 13 აგვისტოს ჩატარდება.
რაც შეეხება „სლოვანს“, ბრატისლაველები მომდევნო ეტაპზე შვედურ „მიალბის“ დაუპირისპრიდებიან.