კახა ჩხეტიანი
Aa
Aa

„თურქეთში გამარჯვება შეგვიძლია“ - ჩხეტიანი სანაკრებო ამბებზე

ესპანეთი - საქართველოს (2:0) მატჩის დასრულების შემდეგ ქართული ფეხბურთის ბევრი გულშემატკივარი პესიმიზმმა შეიპყრო. მარცხი, მითუმეტეს მეტოქის ასეთი ტოტალური უპირატესობის ფონზე გულდასაწყვეტია და განსაკუთრებით იმის გამო, რომ უკანასკნელ პერიოდში „ჯვაროსნებმა“ წარმატებებს მიგვაჩვიეს.

ბევრი სხვა სპეციალისტისგან განსხვავებით, კახა ჩხეტიანი განგაშის საფუძველს ვერ ხედავს და „ფურია როხასთან“ უშანსო მარცხის მიუხედავად, თურქებთან თამაშს საკმაოდ ოპტიმისტური განწყობით ხვდება. ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთის“ ყოფილმა დამრიგებელმა ამის თაობაზე Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

კახა ჩხეტიანი

ესპანეთი ყველა მოწინააღმდეგესთან ფავორიტად ითვლება და ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლით მათ ვერავინ სჯობნის. როგორც იტყვიან, თავს ზემოთ ძალა არ არის და ამ მარცხისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს. არ დაგავიწყდეთ, რომ თურქები „ფურია როხასთან“ 0:6 დამარცხდნენ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ პირენეელებს სულ სხვა კლასის ნაკრები ჰყავთ.

ჩემთვის ყველაზე ყურადსაღები და მნიშვნელოვანი იყო ლუის დე ლა ფუენტეს მიერ მატჩის შემდგომ გაკეთებული განცხადება - მან ყველა იმ კლუბის აკადემიის ხელმძღვანელებს გადაუხადა მადლობა, საიდანაც ფეხბურთელები ჰყავდა გამოძახებული. ესპანელების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მას შეგირდებისთვის ზედმეტი მითითებების მიცემა არ დაჭირვებია, რადგან ყველა მათგანი ერთი სისტემით არის მომზადებული და მის სათამაშო სქემას იოლად ერგებიან.

ვილი სანიოლსა და მის სამწვრთნელო შტაბს ჩვენ რჩევები არ სჭირდება - ისინი გუნდის შიდა სამზარეულოში ყველაზე კარგად არიან ჩახედულები და თავად გადაწყვეტენ, არის თუ არა შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება საჭირო. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ბიჭებს თურქეთში ბრძოლა და მეტოქის დამარცხება ნამდვილად შეუძლიათ.

რაც შეეხება ჩემს კარიერას, იყო რამდენიმე შემოთავაზებება, თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა. ვისვენებ, თუმცა ჩემთვის ისევე, როგორც ბევრი მწვრთნელის ეს დასვენება არ არის, რადგან საყვარელი საქმის კეთება ყველაზე დიდ სიამოვნებას გვანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ კახა ჩხეტიანის ბოლო სამუშაო ადგილი ფოთის „კოლხეთი“ იყო, ყველაზე დიდ წარმატებას კი, მან მშობლიურ „ტორპედოში“ მიაღწია, როდესაც ქუთაისის კლუბს ყველა შესაძლო ტიტული მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თურქეთის ნაკრების დანაკლისი საქართველოსთან | მან შეკრება უკვე დატოვა
თურქეთის ნაკრების დანაკლისი საქართველოსთან | მან შეკრება უკვე დატოვა