„სამიზნე სწორედ ეს გუნდია“ - ზიდანმა მომავალზე ისაუბრა
უკვე ოთხ წელიწადზე მეტია ზინედინ ზიდანს სამწვრთნელო საქმიანობაში პაუზა აქვს აღებული, რაც ასეთი დონის სპეციალისტისთვის მართლაც ნამეტანია - ფრანგმა ლეგენდამ მადრიდის „რეალის“ დამრიგებლის პოსტი 2021 წლის 27 მაისს დატოვა და მას შემდეგ ხან დასვენებით ტკბება, ხანაც შესაფერისი გუნდის ძიებაშია. როდის აპირებს ფეხბურთში დაბრუნებას და რა ვარიანტებს განიხილავს, ამის თაობაზე ზიზუმ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ასეთი კომენტარი გააკეთა:
„სამწვრთნელო სამუშაოს აუცილებლად დავუბრუნდები. „იუვენტუსში“ მუშაობა? არ ვიცი, რატომაც არა? რატომ არ შეიძლება ეს მოხდეს. ტურინის კლუბი მუდამ ჩემს გულშია, რადგან „ბებერ სინიორაში“ უამრავი რამ ვისწავლე. არ ვიცი რა იქნება მომავალში, თუმცა ჩემს ერთ-ერთ სამიზნეს საფრანგეთის ნაკრების დამრიგებლობა რომ წარმოადგენს, ამის უარყოფას არ ვაპირებ“.
ცნობისათვის, ზინედინ ზიდანი ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ერთ კლუბს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოაგებინა - ფრანგმა ამის გაკეთება „რეალში“ 2016-2018 წლებში მოახერხა.