8 წუთით ადრე 22 ქულით აგებდნენ | კლივლენდის კოლაფსი და ნიქსის საოცარი გამარჯვება
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის პლეიოფის ფინალში „ნიუ იორკ ნიქსის“ მეტოქე „კლივლენდ კავალიერსი“ გახლავთ. „ნიქსს“ საშინაო კედლების უპირატესობა აქვს და სერიის გახსნითი მატჩი „მედისონ სქუეარ გარდენში“ გამართა.
„კლივლენდს“ გამარჯვების ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, მაგრამ მატჩის დასკვნითი წუთები საშინლად ჩაატარა. შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე „კავალიერსი“ 22 ქულით, 93:71-ს იგებდა. „ნიქსმა“ თამაშში დაბრუნება მოახერხა, 30:8 გაიქცა, ანგარიში გაათანაბრა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა — 101:101. დამატებით ხუთწუთეულში ნიუ იორკელებმა მეტოქს შანსი არ დაუტოვეს, ოვერტაიმი 14:3 მოიგეს და დამსახურებულად, 115:104 იმარჯვეს.
ბოლო 30 წლის განმავლობაში, პლეიოფის მატჩის მეოთხე მეოთხედში უფრო დიდი ჩამორჩენა მხოლოდ ერთ გუნდს, „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ აღმოუფხვრია, რომელიც 2012 წელს „მემფის გრიზლისთან“ 24 ქულით აგებდა. „ნიქსმა“ საკუთარი ისტორიაც დაწერა და პლეიოფის შეხვედრაში ყველაზე დიდი „ქამბექი“ შეასრულა.
„ნიუ იორკის“ რიგებში ფენომენალური იყო ჯეილენ ბრანსონი — 38 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა. კარლ-ენტონი თაუნსმა 13 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა. მაილს ბრიჯისმა მატჩი 18 ქულით დაასრულა. „კლივლენდის“ მხრიდან 29 ქულით დონოვან მიტჩელი გამოირჩა. ჯეიმს ჰარდენს კვლავინდებურად ცუდი თამაში ჰქონდა. „წვერამ“ 16-დან 5 ბურთი ჩააგდო, 8-დან მხოლოდ 1 სამქულიანი გამოიყენა და უფრო მეტი დაკარგვა ჰქონდა (6), ვიდრე ზუსტი სროლა. ევან მობლიმ 15 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა.
ცნობისთვის, „ნიქსი“ სერიაში 1:0 დაწინაურდა და მომდევნო შეხვედრას ისევ მასპინძლის სტატუსით გამართავს. მეორე თამაშს თბილისის დროით, 22 მაისს ვიხილავთ.