„ეს სერიოზული პრობლემაა“ | დენა უაითი UFC Freedom 250-ის ღონისძიებასა და მწერებზე
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა UFC Freedom 250-ის ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელსაც „თეთრი სახლი“ უმასპინძლებს და მისი მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირებაა. აშშ-ის პირველი პირის რეზიდენციის სამხრეთის გაზონზე სცენა მოეწყობა და ჩხუბები ღია ცის ქვეშ გაიმართება. უაითის მიხედვით, არის ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც ღონისძიების ორგანიზებას ართულებს.
„ერთი პრობლემა, რომელზეც ფიქრს არ ვწყვეტ, მწერებს უკავშირდება. მით უმეტეს, როდესაც საუბარი აღმოსავლეთ სანაპიროს ეხება. ორი დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა განახლებული Rose Garden-ი (ბაღი თეთრი სახლის ტერიტორიაზე) გახსნა და სადილზე დამპატიჟა. ირგვლივ იმდენი პატარა მწერი (ქინქლა, მუმლი, კოღო) დაფრინავდა, ჩემთვის გავიფიქრე, ეს რა ჯანდაბაა-მეთქი.
სადილის შემდეგ, როგორც კი თვითმფრინავის ბორტზე ავედი, ჩემს მთავარ პროდიუსერს დავურეკე და ვუთხარი: „მომისმინე, ახლა მწერების შესახებ უნდა მოგიყვე“. როდესაც მებრძოლი ხარ, წარმოიდგინე განათების კონსტრუქცია და რა სიმძლავრის შუქი მოდის მათგან, ეს კი ფარვანებს, პატარა მწერებსა და ღმერთმა უწყის, კიდევ რას მიიზიდავს. ეს ყველაფერი ის პატარ-პატარა დეტალებია, რომლებზეც ფიქრი გვიწევს. აი, ზუსტად ამიტომაც არ მიყვარს ღია ცის ქვეშ ჩხუბი“.
ცნობისთვის, უაითმა წარსულში ამინდთან დაკავშირებულ დეტალებზეც ისაუბრა. დენას მიხედვით, ერთადერთი, რის გამოც შეიძლება ღონისძიების დაწყების დრომ გადაიწიოს, ჭექა-ქუხილია. ორგანიზაცია ამერიკელ სამხედროებთან თანამშრომლობს და ამინდს მაქსიმალურად აკონტროლებს.