„ეს იდეა ძალიან მომწონს“ | დენა უაითი თოფურიასა და პიმბლეტზე
პედი პიმბლეტს ოქტაგონში დაბრუნება სურს და ნებისმიერ მეტოქესთან ჩხუბისთვის მზად არის. ერთ-ერთ ინტერვიუში „ბედიმ“ განაცხადა, რომ თანახმაა, UFC-ის სატელევიზიო შოუში, The Ultimate Fighter-ში, ილია თოფურიასთან ერთად მიიღოს მონაწილეობა და გადაცემის დასკვნით ეტაპზე „ელ მატადორის“ წინააღმდეგ იჩხუბოს.
პიმბლეტის განცხადების თაობაზე კომენტარის გაკეთება UFC-ის პრეზიდენტს, დენა უაითს სთხოვეს. საბრძოლო ორგანიზაციის პირველმა პირმა არ დამალა, რომ ეს იდეა ძალიან მოსწონს, თუმცა დასძინა, რომ ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი.
„ეს იდეა ძალიან მომწონს, მაგრამ ბევრი ფაქტორია, რაც არა მხოლოდ The Ultimate Fighter-ის მონაწილეებს, არამედ კონკრეტულ ჩხუბებსა და საჩემპიონო ორთაბრძოლებს განსაზღვრავს. ვნახოთ, მომენტი როგორ დაემთხვევა, თუმცა ეს ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა“, — აღნიშნა უაითმა.
ცნობისთვის, პიმბლეტმა არმან ცარუკიანთან ჩხუბის სურვილიც გამოთქვა და აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, მისი მომდევნო მეტოქე ვინ იქნება. რაც შეეხება თოფურიას, ილიამ ვარჯიში განაახლა და „ელ მატადორს“ საჩემპიონო ორთაბრძოლის მიღება სურს.