საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

უეფას ახალი საკვალიფიკაციო ფორმატი: რა იცვლება საქართველოს ნაკრებისთვის?

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა სტამბოლში გამართულ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

უეფას ტურნირების ახალი ფორმატები მამაკაცთა ეროვნული ნაკრებებისთვის 2028 წლიდან:

მამაკაცთა ნაკრებებისთვის უეფას მიმდინარე შეჯიბრებების ფორმატების საფუძვლიანი ანალიზისა და უეფას ყველა ეროვნულ ასოციაციასთან დეტალური კონსულტაციების შემდეგ, დამტკიცდა ახალი კონცეფცია, რომელიც ევრო-2028-ის შემდეგ დაინერგება.

ახალ სტრუქტურაში, უეფას ერთა ლიგა 2028/29 წლების სეზონიდან ოთხლიგიანი სისტემიდან სამ ლიგაზე გადავა, თითოეულში 18 გუნდით. თითოეული ლიგა შედგება ექვსგუნდიანი სამი ჯგუფისგან, რომლებიც ექვს მატჩს ჩაატარებენ ხუთი სხვადასხვა მეტოქის წინააღმდეგ: თითო-თითოს შინ ან სტუმრად სხვადასხვა კალათის გუნდების წინააღმდეგ, და ორს - შინ და სტუმრად - საკუთარი კალათის მეტოქის წინააღმდეგ. 55 გუნდის მონაწილეობის გათვალისწინებით, C ლიგა მოიცავს შვიდგუნდიან ერთ ჯგუფს, რომელშიც მატჩები ერთი ფანჯრით (სანაკრებო პაუზით) ადრე დაიწყება. მეოთხედფინალები, ოთხთა ფინალური ტურნირი და პლეი-ოფის (აღზევება/დაქვეითების) მატჩები უცვლელი დარჩება.

ევროპული კვალიფიკაციაც მრავალდონიან სტრუქტურას მიიღებს:

ლიგა 1 შედგება ერთა ლიგის A და B ლიგების 36 გუნდისგან, ხოლო ლიგა 2 - ერთა ლიგის დარჩენილი 18 ან 19 გუნდისგან. 1-ელ ლიგაში 12-გუნდიანი სამი ჯგუფი იქნება, რომლებიც 12-გუნდიანი სამი კალათისგან დაკომპლექტდება. თითოეული გუნდი შინ ან სტუმრად ექვს მატჩს ჩაატარებს ექვსი სხვადასხვა მეტოქის წინააღმდეგ - ორ-ორს თითოეული კალათიდან. ეს უეფას საკლუბო ტურნირების ფორმატის მსგავსი იქნება. მე-2 ლიგაში ტურნირი იმავე პრინციპით ჩატარდება, როგორც ერთა ლიგის C ლიგა: ექვსგუნდიანი სამი ჯგუფი ან შვიდგუნდიანი ერთი ჯგუფი. მასპინძელი ქვეყნების გუნდები, რომლებიც ავტომატურად მოხვდებიან ფინალურ ეტაპზე, ასევე მიიღებენ მონაწილეობას ევროპულ კვალიფიკაციაში, რათა ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში საკუთარი პოზიცია განსაზღვრონ. 1 ლიგის თითოეული ჯგუფის საუკეთესო გუნდები პირდაპირ საგზურებს მიიღებენ, ხოლო დარჩენილი ადგილები პლეი-ოფის სისტემით გადანაწილდება, რაც კვალიფიკაციის სამართლიან შანსს მე-2 ლიგის გუნდებსაც მისცემს.

უახლოეს თვეებში კონცეფცია სრულყოფილ სახეს მიიღებს, რის შემდეგაც დეტალური ფორმატი საბოლოო დასამტკიცებლად აღმასრულებელი კომიტეტის მომდევნო სხდომაზე სექტემბერში იქნება წარდგენილი. ახალი ფორმატის სრული ანალიზი ამ სხდომის შემდგომ პრესკონფერენციაზე იქნება წარმოდგენილი.

ახალი ფორმატების კომენტირებისას, უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა შემდეგი რამ განაცხადა:

„ახალი ფორმატები გააუმჯობესებს კონკურენტულ ბალანსს, შეამცირებს სატურნირო მნიშვნელობის არმქონე მატჩების რაოდენობას, ტურნირებს გულშემატკივრებისთვის უფრო მიმზიდველსა და დინამიკურს გახდის, და ასევე, უზრუნველყოფს კვალიფიკაციის სამართლიან შანსს ყველა გუნდისთვის ისე, რომ საერთაშორისო კალენდარში დამატებითი თარიღები არ ჩაისმება. მთლიანობაში, ეს ცვლილებები უეფას ეგიდით მამაკაცთა ეროვნული ნაკრებების ფეხბურთის ღირებულებას აამაღლებს, და ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით შეჯიბრებების ახალი სისტემების დანერგვას“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები