რონალდო ნაზარიო
Aa
Aa

ზიდანის ნაცვლად ნაყიდი - რონალდოს ვირტუოზული გამოსვლა

„ფიზიკურად და ტექნიკურად იმდენად იდეალური იყო, მითიურ ფიგურას ჰგავდა. მიყვარს მესი, მითამაშია მასთან ერთად და პატივს ვცემ კრიშტიანუ რონალდუს, ნეიმარი გამორჩეულია, რონალდინიო მთავარი ვარსკვლავი, თუმცა ყველა ამ ჩამოთვლილის ერთობლიობა იყო ბრაზილიელი ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო 1996-1997 წლების სეზონში „ბარსელონაში“ - ასე აფასებდა „კიჭას“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი კუინტონ ფორჩუნი და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო რწმუნდებიან ადამიანები, რომ მისი სიტყვები რეალობასთან ყველაზე ახლოს იდგა.

ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტი სიდ ლოუ აღნიშნავდა, რომ არასოდეს არც ერთ სეზონში არ უნახავს ისეთი ინდივიდუალური გაბრწყინება, როგორიც იმ წელს რონალდოს „ბლაუგრანაში“ ჰქონდა. მან საფეხბურთო მოედანი მხატვრის ტილოდ აქცია, სადაც სისწრაფე, ძალა და სათამაშო უნარები გააერთიანა და შექმნა ისეთი რაღაც, რასაც მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნება უნდა ვუწოდოთ. მისი ინდივიდუალიზმის ყველაზე კარგი ინდიკატორი კი, 26 ოქტომბერს, „ბარსელონა“ – „ვალენსიას“ მატჩი იყო.

ზაფხულში, როდესაც რონალდო „ბარსელონამ“ დაიმატა, კატალონიური გიგანტი იოჰან კრუიფმა უკმაყოფილებისა და გაურკვევლობის ფონზე დატოვა. საქმე იმანაც გაართულა, რომ ნიდერლანდელ ლეგენდას „ბორდოსთან“ ზინედინ ზიდანის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება მიღწეული ჰქონდა. კრუიფის კატალონიური გრანდიდან წასვლამ კი ზიზუმ დააბნია და არჩევანი მარჩელო ლიპის გაწვრთნილ „იუვენტუსზე“ შეაჩერა, რომელთანაც 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. „ბარსას“ მაშინდელი დამრიგებელი ბობი რობსონი კარგად ხვდებოდა, რომ ზიდანის ტრანსფერის ჩაშლით გაღიზიანებული გულშემატკივრების გულის მოსაგებად სასწრაფო ნაბიჯები იყო გადასადგმელი. ეს ნაბიჯი კი რონალდოს დამატება გახლდათ, რომელმაც ევროპაში სადებიუტო სეზონშივე პსვ ეინდჰოვენში გაიბრწყინა.

კრუიფს „ბორდოდან“ ზიზუს დამატება ჰქონდა დაგეგმილი

ნაზარიოს სულ რაღაც 6 წუთი დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ ბობი რობსონმა კლუბის ხელმძღვანელებს მის სანაცვლოდ რეკორდული თანხა ტყუილად არ გადაახდევინა. ჯოვანის პასით კიჭამ „ატლეტიკოს“ დაცვაში არსებული სივრცეები კარგად აითვისა და ხოსე მოლინას ჩინებული გოლი გაუტანა, რომლითაც „ბლაუგრანას“ ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო - იმ მომენტიდან ბრაზილიელი აფეთქდა და თითოეულ შეხვედრაში ნამდვილ შოუს დგამდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მას კლუბის ხელმძღვანელებთან ხელფასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა კორპორატიულმა პრობლემებმა მოედანზე წარმოდგენების დადგმაში ხელი ვერ შეუშალა.

26 ოქტომბერს „ვალენსიასთან“ საშინაო მატჩის დაწყებიდან 15 წუთი იყო გასული და რონალდო ისეთ სისწრაფეებს ანვითარებდა, „ფერარის“ პილოტს შეშურდებოდა. მისგან მოსალოდნელი საფრთხის შიშით „ღამურებმა“ დაცვითი ზღუდეები გაამაგრეს, თუმცა მიუხედავად ამისა ფენომენის შეჩერება ვერ შეძლეს და რონიმ მაშინ ჯერ კიდევ ესპანეთის ნაკრების პირველი მეკარე ანდონი სუბისარეტა დაამწუხრა.

ვალენსიელებს რონალდოსა და „ბარსას“ წინააღმდეგ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ, რადგან ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო და რომ მოენდომებინა კიდევ ექვს გოლს გაიტანდა. ძალიან მალე კიდევ ერთი გამორჩეული გარღვევის შემდეგ, მან სუბისარეტას კარი იგივე კუთხეში დარტყმით აიღო, რომელიც ამჯერად არასამუშაო ფეხით შეასრულა.

მეორე ნახევარში ლუის არაგონესის შეგირდებმა ძალ-ღონე მოიკრიბეს და პაჩი ფერეირასა და ვალერი კარპინის ბურთებით წონასწორობა აღადგინეს. თუმცა, სწორედ ამ დროს რონალდო მთელი თავისი ბრწყინვალებით კიდევ ერთხელ წარსდგა პუბლიკის წინაშე, ჰეთ-თრიკი შეასრულა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესო იყო.

ავტობიოგრაფიულ წიგნში ბობი რობსონი აღნიშნავდა, რომ თავის ყველაზე დიდ მიღწევად დიდ კატალონიურ ცირკში რონალდოს მიყვანას მიიჩნევდა და როგორც დრომ აჩვენა, ის სრულ სიმართლეს ამბობდა. იმ სეზონში 34 გოლით ლუის ნაზარიო ესპანეთის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და უახლოეს მდევარს 9 ბურთით გაუსწრო, თუმცა მხოლოდ მისი კარგი თამაში ჩემპიონატის ოქროს მედლების მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა და ესპანეთის ჩემპიონი ფაბიო კაპელოს მომზადებული მადრიდის „რეალი“ გახდა.

წარმატებულმა თამაშმა ბრაზილიელის ეგო გაზარდა, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მისი გაზრდილი მადის გამო ჩიხში შევიდა და „ბარსელონას“ ხელმძღვანელებმა ჭირვეული ვირტუოზის „ინტერში“ სარეკორდო ფასად გაყიდვა გადაწყვიტეს, რითაც ერთი ხანმოკლე, თუმცა ეფექტური ეპიზოდებით სავსე საფეხბურთო ისტორია დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რონალდოზე განსაკუთრებით მწყდება გული“ - ლინეკერმა საუკეთესოები დაასახელა
„რონალდოზე განსაკუთრებით მწყდება გული“ - ლინეკერმა საუკეთესოები დაასახელა