იპონი 50 წამში - ზაალიშვილი ევროპის თასის ჩემპიონია
ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართული ძიუდოისტთა ევროპის თასის გათამაშება გელა ზაალიშვილის (+100 კგ) ტრიუმფით დასრულდა. 26 წლის ქართველმა ძიუდოისტმა შეჯიბრება მერვედფინალში ბრიტანელი ჯეიმს ველერის ძლევით დაიწყო, რასაც ესპანელი როდრიგო გარსია როხასის დამარცხება მოჰყვა, ხოლო ნახევარფინალში თურქ მუნირ ერტუგს აჯობა. ფინალში კი, ზაალიშვილმა საერთაშორისო ათლეტის სტატუსით მოასპარეზე რუსი ადნან ხანკანი 50 წამში გაგუდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
ანდალუსიაში ჩატარებულ ტურნირზე ჩვენ ქვეყანას კიდევ ერთი მედალი მიხეილ კუპრაშვილმა მოუტანა, რომელიც ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. 19 წლის ძიუდოისტმა პორტუგალიელ დიოგო ლუიშს, ყირგიზ ერლან შეროვსა და შვედ ლეონიდას ჰიტონენს აჯობა, თუმცა ნახევარფინალში რუს ტიმურ არბუზოვთან ვერაფერი გააწყო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი ბრიტანელი სკოტ კუსაკი დაამარცხა.
კუპრაშვილისთვის ეს უფროსებს შორის საერთაშორისო შეჯიბრებაზე პირველი წარმატება იყო. რაც შეეხება ზაალიშვილს, მას 3-ჯერ თბილისის, თითოჯერ კი ბაქოსა და თელ ავივის გრანდ სლემი აქვს მოგებული.