ვილი სანიოლი, ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

„მოტივაცია უმაღლეს დონეზეა, ხვალ დიდ ბრძოლას იხილავთ“ - სანიოლის და მექვაბიშვილის პრესკონფერენცია

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-4 შეხვედრას გამართავს.

ქართველი ფეხბურთელები იზმიტში, ქალაქ ქოჯაელის სტადიონზე თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ფეხბურთელმა, ანზორ მექვაბიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ვილი სანიოლი:

ჩვენი ჯგუფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. პირველ ადგილზე გასვლის გამოკვეთილი ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია, რომელიც მგონია, რომ დღესდღეობით მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. თბილისურ თამაშში საწყისი 15 წუთი ისეთი არ იყო, როგორსაც ვისურვებდი. მატჩი ცუდად დავიწყეთ და კარგად დავასრულეთ. ხვალინდელ შეხვედრაში ველი, რომ ჩემი გუნდისგან სწორი მიდგომა იქნება, ის აგრესია და ის ხარისხი, რაც გამარჯვებისთვის საჭირო იქნება.

ვიცით, საიდან მოვდივართ, ვიცით ქართული ფეხბურთის ევოლუციის შესახებ. ჩვენ ყველა ოცნებების ასასრულებლად ვიბრძვით, ვიბრძვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდეთ და ხვალ ეს ამ ოცნების ასრულების ერთ-ერთი შესაძლებლობა იქნება.

ხვალ გამარჯვება სიურპრიზი იქნება? ყველაფერი პირველად ხდება, ალბათ გახსოვთ ევროპის ჩემპიონატზე შარშანდელი წარმოდგენა, რომელიც ისტორიული იყო და ამიტომაც არის ფეხბურთი საინტერესო, რომ ხშირად ხდება ასეთი სიურპრიზები.

ესპანეთთან მატჩისგან განსხვავებული მიდგომა იქნება. თუ 2 ან 3%-ს მაინც დავაკლებთ, შედეგი კატასტროფული იქნება. მინდა გითხრათ, რომ ჩემი ფეხბურთელების განწყობა და მოტივაცია უმაღლეს დონეზეა.

ანზორ მექვაბიშვილი:

რა თქმა უნდა, ვიცით, რომ თურქეთს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს ძალიან კარგი ფანებით. რთულ მატჩს ველოდებით და თუ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა გვინდა, ასეთი თამაშები უნდა მოვიგოთ. ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ ძალები აღვიდგინეთ და ხვალისთვის 100%-ით მზად ვართ. იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, ხვალ ერთ-ერთ ნაბიჯს გავივლით.

ყველამ იცოდა, რომ შემდეგი მატჩის გამოტოვება შესაძლებელი იყო, მაგრამ არავის არაფერი დაუკლია. მაგრამ ეს წარსულია და ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ. ვფიქრობ, რომ უკეთესად შეგვეძლო თამაში, მაგრამ დათმობით, არაფერი დაგვეთმო. ფეხბურთელებმა ერთმანეთთან ვთქვით, რომ ეს მორიგი შანსია მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის, საკუთარი ძალების უნდა ვირწმუნოთ და ის ხარისხი უნდა ვაჩვენოთ, რაც ხვალინდელ მატჩში წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.

რაც შეეხება ფანებისგან წნეხს, ვფიქრობ ეს ჩვენთვის არა წნეხი, არამედ გამოწვევაა. თურქებს ძალიან მაგარი გულშემატკივრები ჰყავს, მაგრამ ვიცით, რომ თამაშზე ბევრი ქართველიც იქნება, რაც ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. უნდა ვიბრძოლოთ და დადებითი შედეგის დასაფიქსირებლად ყველაფერი გავაკეთოთ.

 

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები