„მოულოდნელი არაფერი მომხდარა“ - ფიზიევი ანკალაევი-პერეირას ჩხუბზე
UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრაში ალექს პერეირას მიერ მაგომედ ანკალაევის პირველივე რაუნდში დანოკაუტება ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით რაფაელ ფიზიევზე - მსუბუქი წონითი კატეგორიის აზერბაიჯანელმა სპორტსმენმა ბრაზილიელისა და დაღესტნელის ჩხუბზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა და აღნიშნა, რომ სამხრეთ ამერიკელის გამარჯვება მისთვის სიურპრიზი არანაირად არ ყოფილა.
რაფაელ ფიზიევი
მე ამას ველოდი. გახსოვთ, ანკალაევთან პირველ ბრძოლამდე რამდენად გადაღლილი იყო პერეირა და რამდენი ჩხუბი ჰქონდა ჩატარებული უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში? სამი თუ ოთხი? წარმოგიდგენიათ მისი სხეული და ფსიქიკა როგორი შერყეული იქნებოდა?!
მაგომედთან რევანშის წინ კი მან სათანადოდ დაისვენა და შედეგიც სახეზეა. დამიჯერეთ, როდესაც ერთი წლის განმავლობაში ბევრჯერ გადიხარ ოქტაგონზე ეს ერთი მხრივ კარგია, რადგან ფორმას ინარჩუნებ და ტონუსში ხარ, მაგრამ უარყოფითი მხარე უფრო მეტი აქვს, რაც ყველაზე ხშირად ბრძოლის დროს იჩენს თავს.
შეგახსენებთ, რომ რაფაელ ფიზიევს რამდენიმე დღის წინ, UFC Rio-ს ღონისძიების მთავარ ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირასთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ შეხვედრას ტრავმის გამო ჩაეხსნა და მის ნაცვლად ოქტაგონში შესული მატეუშ გამროტი „დუ ბრონქსმა“ იოლად დაამარცხა.