„იანს ვაფასებდი, მაგრამ ამის შემდეგ...“ - დვალიშვილის მწვრთნელი გააბრაზეს
პიოტრ იანი მაქსიმალურად ცდილობს UFC-ის ხელმძღვანელები მიიყვანოს იმ დასკვნამდე, რომ საჩემპიონო ბრძოლას იმსახურებს და ქამრის მფლობელ მერაბ დვალიშვილთან ჩხუბი ჩაუნიშნონ. რუსმა მებრძოლმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2023 წელს გამართულ დაპირისპირებაში, სადაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, მზად მხოლოდ 50 პროცენტით იყო, რადგან ხელის ტრავმა აწუხებდა. ქართველ „მანქანას“ იანისთვის ჯერჯერობით არ უპასუხია, სამაგიეროდ რუსი მებრძოლის თაობაზე კომენტარი მერაბის მწვრთნელმა ჯონ ვუდმა გააკეთა და ასეთი რამ განაცხადა:
„უკვე ვთქვი, რომ ორი წლის წინ მასთან ჩხუბისთვის ბოლომდე მზად არც დვალიშვილი იყო და ახლა ბრძოლის შემთხვევაში პიოტრისთვის ყველაფერი გაცილებით ცუდად დასრულდება. როდესაც ივენთის პოპულარიზაცია არის საჭირო, მებრძოლები ყველაფრის თქმას კადრულობენ. იანის დიდი გულშემატკივარი ვარ და მისმა სიტყვებმა იმედები გამიცრუა.
ვფიქრობდი: „ღმერთო ჩემო, ეს რა მესმის. ახლა უნდა გავიდეთ და კიდევ უფრო დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ“. პიოტრსა და მის გუნდს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჩხუბის ასეთი უაზრობებით გაპიარება სისულელეა. თუ ტირილსა და წუწუნს აპირებს, განაგრძოს, პრობლემა არ არის. თუ ასეთი გამოფიტული და დაუცველი იყო, მაშინ ბრძოლაზე უარი ეთქვა. მერაბს ძალიან ბევრჯერ მიუღია ტრავმები, მაგრამ არასოდეს წუწუნი არ დაუწყია“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მერაბ დვალიშვილმა კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება ამჯერად კორი სენდჰეგენთან მოიპოვა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზინიონის ქამარი შეინარჩუნა.