დიდი 10 ბრუნდება - ორი დებიუტანტით და 20-წუთიანი წითელი ბარათით
ოთხ დღეში 2025/26 წლების დიდი 10-ის გათამაშება იწყება. ახალ სეზონს ჩემპიონატი ორი დებიუტანტით და განახლებული წესებით ხვდება.
გასული სეზონის შედეგების მიხედვით, დიდი 10-ის საგზური მოიპოვეს და დებიუტანტები არიან გორის “გორი” და თბილისის “წიქარა”. მათ გარდა საჩემპიონო რბოლაში ერთვებიან ბათუმის “ბათუმი”, ქუთაისის “აია” და “არესი”, რუსთავის “ხარები”, სტეფანწმინდის “ყაზბეგი”, ასევე თბილისური გუნდები - “არმია”, “ხვამლი” და “ლელო”.
გახსნითი მატჩი 5 სექტემბერს გორში, 17 საათზე დაიწყება და მასში დებიუტანტი “გორი” ვიცე-ჩემპიონ “აიას” დაუხვდება. 6 სექტემბერს, დედაქალაქურ დერბიში “ლელო” “არმიას” დიდ დიღომში, „ლელო-არენაზე“ 17 საათზე ერკინება, 19 საათზე კი კიდევ ერთი დებიუტანტი “წიქარა” მოქმედ ჩემპიონ “ბათუმს” „ავჭალაზე“ დაუხვდება.
7 სექტემბერს, 17 საათზე, “ყაზბეგი” “ხარებს” ასევე „ავჭალაზე“ მასპინძლობს, ხოლო ტური „ხვამლი არენაზე“ დასრულდება, სადაც “ხვამლი” “არესს” ეთამაშება.
ახალ სეზონს დიდი 10 ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებით ხვდება. მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, 20-წუთიანი და სრული წითელი ბარათი ყველა ელიტარულ ტურნირში დაინერგა. საქართველოს საშეჯიბრო კომიტეტმა და სამსაჯო კორპუსმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ეს წესი დიდ 10-შიც იმოქმედებს.
რა შემთხვევებში ხდება მოთამაშის 20-წუთიანი თუ სრული წითელი ბარათით დასჯა, იხილეთ პრეზენტაციაში.
წყარო: Rugby.ge