გიორგი მერებაშვილი
Aa
Aa

„მონდომება, სურვილი და ენერგია არ ჩანდა“ - მერებაშვილი ნაკრების მარცხებზე

საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩში ნაჩვენები თამაშის ხარისხი რომ აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა, ამაზე ყველა თანხმდება. ისევე როგორც ყოველი წარუმატებლობის შემდეგ, გულშემატკივარი ამჯერადაც უკიდურესად უკმაყოფილოა და არსებობს ათასგვარი მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რით იყო განპირობებული ეროვნული გუნდის ფიასკო და როგორ უნდა გამოსწორდეს შექმნილი მდგომარეობა.

ასეთ დროს განსაკუთრებით ფასობს ვეტერანი მოთამაშეების მოსაზრება, რომელთაც ერთხელ მაინც შეუგრძნიათ სანაკრებო ატმოსფერო და კარგად იციან, რა ვითარებაა ასეთ პერიოდში გუნდის შიდა სამზარეულოში. გიორგი მერებაშვილმა Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ორივე შეხვედრას კარგი ანალიზი გაუკეთა და გარკვეულწილად იმედგაცრუებაც ვერ დამალა.

გიორგი მერებაშვილი

ძალიან ცუდია, რომ ორივე მატჩში დავმარცხდით, მაგრამ ამაზე უფრო გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ ვერც ერთ შეხვედრაში ვერ დავინახეთ ის მონდომება და სურვილი, რაც ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს გააჩნია და არაერთხელ უჩვენებია. ესპანეთიდან ქულების წამოღება რომ უზომოდ რთული იქნებოდა, ეს ყველამ კარგად ვიცოდით, მაგრამ თურქეთთან მატჩში გაცილებით მეტის მოლოდინი გვქონდა.

შეიძლება ვინმე არ მეთანხმებოდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე დავინახე ის არის, რომ ბიჭებს ენერგია არ ჰქონდათ და მონდომება არ ეტყობოდათ. ვერ ვიტყვი, რომ საქმეს რომელიმე ზერელედ მიუდგა, რადგან ნაკრებში მეც მითამაშია და ვიცი, თუ რას გრძნობს თითოეული ფეხბურთელი, როდესაც მოედანზე ეროვნული გუნდის მაისურით გადის, თუმცა ფაქტია, რომ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

როდესაც ეთამაშები თურქეთის ნაკრებს, რომელიც თითოეული საშინაო მატჩის დროს, ადგილობრივი საოცარი ქომაგების მხარდაჭერით დამატებით იმუხტება, თუ ასეთ მეტოქეს ენერგიული და აგრესიული თამაში არ დაუპირისპირე, რაიმე წარმატებაზე ფიქრი გამორიცხულია.

არაერთხელ მითქვამს და კიდევ გაიმეორებ, ამ ბიჭებს ბევრჯერ უჩვენებიათ ხასიათი და თამაშის მაღალი ხარისხი. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ამ დაცემის შემდეგ აუცილებლად წამოდგებიან. ბიჭებს მივმართავ, თავები მაღლა და მჯერა, რომ სულ მალე ძველებურად ძლიერები დაბრუნდებით.

ოთხ ტურში დაგროვებული სამი ქულით საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში მესამე ადგილზეა და მეორეზე მყოფ თურქეთის ეროვნულ გუნდს ექვსი ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, ვილი სანიოლის გუნდი თბილისში ესპანელებს უმასპინძლებს და მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეს არის ის, რაც ჩვენ დაგვავიწყდა | სანიოლი თურქეთთან მარცხის შემდეგ
ეს არის ის, რაც ჩვენ დაგვავიწყდა | სანიოლი თურქეთთან მარცხის შემდეგ