„თურქეთზე ძლიერები ვართ, უბრალოდ ხანდახან ძლიერებიც მარცხდებიან“ - მამუჩაშვილი სანაკრებო ამბებზე
ოქტომბრის სანაკრებო ფანჯარა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდისთვის აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა. ვილი სანიოლის მომზადებული ფეხბურთელები ჯერ ჯგუფის აშკარა ფავორიტთან და ევროპის მოქმედ ჩემპიონებთან, ესპანელებთან დამარცხდნენ 0:2, ხოლო სამი დღის შემდეგ თურქებთან 1:4 წააგეს. ამ თამაშებისთვის ნაკრებში იყო გამოძახებული ქუთაისის „ტორპედოს“ ნახევარმცველი ვლადიმერ მამუჩაშვილი, რომელიც ელჩეში „ფურია როხასთან“ გამართულ მატჩში 86-ე წუთზე, ანზორ მექვაბიშვილის ნაცვლად ჩაერთო.
რამ გამოიწვია ასეთი მძიმე მარცხები და რამდენად შეძლებს საქართველოს ნაკრები იმ თამაშის ხარისხის დაბრუნებას, რითაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი შეიძინა, ამის თაობაზე Crystalsport-თან ინტერვიუში მამუჩაშვილმა დეტალურად და საინტერესოდ ისაუბრა.
ვლადიმერ მამუჩაშვილი
ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. ფაქტია, რომ რაც მოხდა, ყველასთვის საწყენი იყო. დამიჯერეთ, ჩვენზე ძალიან არავის უნდოდა გამარჯვება, მაგრამ ამჯერად მიზნის მიღწევა არ გამოგვივიდა.
სამწუხაროდ, ისევ გამოჩნდნენ ჩასაფრებული ადამიანები და ის ვაი-გულშემატკივრები, რომლებიც საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ სადღაც იყვნენ გამქრალნი. ისინი თვლიან, რომ თავდადება გვაკლდა და მათი რეაქციები და მოსაზრება უბრალოდ სასაცილოა.
ესპანეთის ნაკრებზე საუბრისას არცკი ვიცი რა ვთქვა - თუ სადმე საფეხბურთო მწვერვალი არსებობს, ეს გუნდი სწორედ იქ არის. რაც შეეხება თურქეთთან მატჩს, აშკარად არ გაგვიმართლა, თორემ ასი პროცენტით მჯერა, რომ ფეხბურთელების ხარისხითაც და ყველანაირად ვინჩენცო მონტელას გუნდზე უფრო ძლიერი საქართველოს ნაკრებია, უბრალოდ ხანდახან ძლიერებიც მარცხდებიან.
პასუხისმგებლობას არსად გავურბივართ და დაშვებული შეცდომების აღიარებაც არ გვიჭირს, მაგრამ იმ ადამიანებისგან, რომელთაც მარტო ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვთ თავიდან ბოლომდე ნანახი და ფეხბურთს მიმოხილვებით უყურებენ, საყვედურებს ვერ მივიღებთ, რადგან ისინი ჩასაფრებული ვაი-გულშემატკივრები არიან.
ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, დავბრუნდებით აუცილებლად ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით და ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ გავაჩუმებთ. ხაზგასმით აღვნიშნავ, არაფერს ვერჩი ნამდვილ გულშემატკივრებს და ვგულისხმობ მხოლოდ ჩასაფრებულ, ვითომ ფეხბურთის ქომაგებს.
ეს ყველაფერი ჩემთვის უკვე ნანახი ფილმივით არის - მახსოვს ნაკრებში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, როდესაც ბულგარელებთან დიდი სხვაობით წავაგეთ და მაშინ ატყდა ისტერია, მოედნების გადახვნისა და ფეხბურთის გაუქმების შესახებ. თუმცა, მოკლე პერიოდში სიტუაცია გამოსწორდა და ევროპირველობაზე გავედით, რის შემდეგაც ეს ადამიანები გაჩუმდნენ.
სულ ახლახანს გვსაყვედურობდნენ იმ ფარერებთან მხოლოდ 1:0 გამარჯვების გამო, რომელმაც ახლა ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეიწირა. თანაც, არ დაგავიწყდეთ ფარერებს პრაქტიკულად მეორე შემადგენლობით მოვუგეთ და არც ერთი წამყვანი მოთამაშე არ გვყავდა. შემდეგ გამოჩნდნენ კრიტიკოსები კაბო ვერდესთან ფრედ დასრულებული მატჩის გამო და ამ გუნდმა რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ასე რომ, ეს ყველაფერი არ გვიკვირს, უბრალოდ გულსატკენია...
ცნობისათვის, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ნოემბერში ესპანელებთან საშინაო და ბულგარელებთან საგარეო მატჩით დაასრულებს.