ერთწლიანი კონტრაქტი საკრამენტოსთან - უესტბრუკი NBA-ში რჩება
რასელ უესტბრუკმა და „საკრამენტო ქინგსმა“ ერთწლიანი კონტრაქტი შეათანხმეს. ამის შესახებ ESPN-ის ინსაიდერი შემს ჩარანია იტყობინება.
„უესტბრუკსა და „ქინგსს“ შორის მოლაპარაკებები მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა. „საკრამენტოს“ გამთამაშებლის პოზიციის გაძლიერება სურს. უესტბრუკს კარიერის განმავლობაში უკვე უთამაშია დომანტას საბონისთან, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში კი დიდი წვლილი შეიტანეს დემარ დეროუზანმა და ზაკ ლავინმა“, - წერს ჩარანია სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, კონტრაქტი 2025-2026 წლების სეზონის ბოლომდე იქნება გათვლილი, უესტბრუკი კი ხელფასის სახით 3,6 მილიონ დოლარს მიიღებს.
ამგვარად, უესტბრუკისთვის ეს NBA-ის მე-18 სეზონი იქნება. BleacherReport-ის ინფორმაციით, ზაფხულში 36 წლის კალათბურთელმა უარი თქვა „დენვერ ნაგეთსის“ წინადადებაზე, სადაც მას 3,4 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ.
ცნობისთვის, უესტბრუკს სხვადასხვა დროს „ოკლაჰომაში“, „ჰიუსტონში“, „ვაშინგტონში“, „ლეიკერსში“, „კლიპერსსა“ და „დენვერში“ უთამაშია და 9-ჯერ იყო „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ მონაწილე. უესტბრუკი 2017 წელს NBA-ის MVP-ც გახდა.