ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი - სანიკიძის ახალი თანამდებობა
ვიქტორ სანიკიძე საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აირჩიეს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უკვე რამდენიმე წელიწადია ფიბას საშეჯიბრო კომიტეტის წევრია, რომლის ძირითადი ფუნქციაც ასაკობრივი სანაკრებო ჩემპიონატების შესაბამისი მიმართულებით ორგანიზებაა.
ჩემპიონთა ლიგა ევროპის კალათბურთის ფედერაციის მთავარი საკლუბო ტურნირია, სადაც სხვადასხვა ქვეყნის 32 კლუბი მონაწილეობს. ქართველი გულშემატკივრებისთვის კი წლევანდელ სეზონში ყველაზე საინტერესო „ლაგუნა ტენერიფეს“ გამოსვლა იქნება, რომლის ლიდერიც საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინია.
ცნობისათვის, სანიკიძე 2021 წლიდან საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობს. მან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სამ ევრობასკეტზე ითამაშა და ეროვნული გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელი გახლდათ.