სამიდან ორი ბათუმში - ნოემბრის ტესტ-მატჩებზე ყველაფერი გაირკვა
ნოემბრის ტესტ-მატჩებზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყველა მეტოქე და ყველა შეხვედრის ჩატარების ადგილი ცნობილია. ბორჯღალოსნები 8 და 15 ნოემბერს, ბათუმის სტადიონზე შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ეროვნულ გუნდებს უმასპინძლებენ, ხოლო შემოდგომის ტესტებს 22 ნოემბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე იაპონელებთან დაპირისპირებით დაასრულებენ.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ქართველი მორაგბეების ერთ-ერთი მოწინააღმდეგე სამოა იქნებოდა, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო, მათ ნაცვლად კანადელებთან მატჩი გაიმართება. ისიც სათქმელია, რომ ნოემბრის შეხვედრების შედეგებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ძალიან მალე 2027 წლის მსოფლიოს თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა შედგება და რეიტინგში ბორჯღალოსნები რაც უფრო წინ იქნებიან, წილისყრის დროს მით უკეთეს კალათაში მოხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ აჭარის დედაქალაქში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ორი მატჩი აქვს გამართული - 2022 წელს იტალია (28:19) დაამარცხეს, ხოლო 2024 წელს ფიჯისთან (12:21) წააგეს.