დისკომფორტი აწუხებს | ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ თავკაცმა გიორგი მიქაუტაძეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელს გარკვეული დისკომფორტი აწუხებს.
„სანაკრებო პაუზიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს გუნდთან ერთად პრაქტიკულად არ უვარჯიშიათ. გუშინ რამდენიმე მათგანმა მსუბუქად ივარჯიშა, დღესაც იგივე ვითარებაა. გიორგი მიქაუტაძე დისკომფორტს გრძნობს და მის მდგომარეობას დავაკვირდებით,“ — განაცხადა მარსელინომ.
ესპანური მედიის ინფორმაციით, მიქაუტაძემ დისკომფორტი საქართველოს ნაკრებში ყოფნისას იგრძნო. გიორგიმ „ვილიარეალში“ ვარჯიში სცადა, თუმცა უსიამოვნო შეგრძნება არ გამქრალა, რის გამოც კლუბი სიფრთხილეს იჩენს.
შეგახსენებთ, რომ რვა ტურის შემდეგ „ვილიარეალს“ 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. გუნდის მომდევნო მეტოქე „ბეტისი“ იქნება, რომელსაც 18 ოქტომბერს დაუპირისპირდება.