„ნიჭიერია, მაგრამ ალისონი საუკეთესოა“ | ლივერპულის ყოფილი მეკარე მამარდაზე
„ლივერპულის“ ყოფილმა მეკარემ, კრის კირკლენდმა გიორგი მამარდაშვილსა და ალისონ ბეკერზე ისაუბრა. კირკლენდმა აღნიშნა, რომ „მამარდა“ ნიჭიერი გოლკიპერია, თუმცა დასძინა, რომ როდესაც ალისონი ჯანმრთელია, ის მსოფლიოში საუკეთესოა.
„გიორგი მამარდაშვილის საკითხი რთულია, რადგან ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში ალისონი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. მას რამდენჯერმე ტრავმა ჰქონდა და მის ნაცვლად კელეჰერი თამაშობდა, რომელმაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მიუხედავად ამისა, როდესაც ალისონი ფორმაშია, მასზე უკეთესი არავინ არის.
მამარდაშვილი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი მეკარეა. მის სანაცვლოდ ლივერპულმა დიდი თანხა გადაიხადა და ის ალისონის გრძელვადიან შემცვლელად განიხილება. გიორგისთვის ალისონთან და სხვა მეკარეებთან ყოველდღიური ვარჯიში შესანიშნავი შანსია, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს. როცა დადგება დრო, რომ ალისონის გრძელვადიანი შემცვლელი გახდეს, ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.“
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ მეკარეს ტრავმა აწუხებს და გუნდს ნოემბრის შუა რიცხვებამდე ვერ დაეხმარება. „ლივერპული“ მომდევნო შეხვედრას 19 ოქტომბერს გამართავს და „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.