„კონტროლის გარეშე თეიქდაუნი არ უნდა ითვლებოდეს“ - სენდჰეგენის მოსაზრება
კორი სენდჰაგენის წინააღმდეგ მერაბ დვალიშვილმა ჯამში ოცი თეიქდაუნი შეასრულა – ეს უფრო მეტია, ვიდრე ვინმეს როდესმე გაუკეთებია UFC-ის სატიტულო ბრძოლებში. მაგრამ, ამერიკელი მებრძოლი მიიჩნევს, რომ კონტროლის გარეშე შესრულებულ თეიქდაუნებს დიდი წონა არ უნდა ჰქონდეს და MMA-ში გამარჯვებულის განსაზღვრისას ამას არ უნდა ითვალისწინებდნენ.
სენდჰაგენი დარწმუნებულია, რომ მერაბი გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავდა მის პარტერში გადაყვანის მცდელობებში და უბრალოდ დროს წელავდა, რომ მისი ჭიდაობა თავზე მოეხვია.
„თუ ამ ბრძოლას ნახავთ, არ იტყვით: „ვაუ, მერაბის ჭიდაობა შთამბეჭდავი იყო“. რადგან, რა არის თეიქდაუნი კონტროლის გარეშე? ქანვასზე გადაყვანა ხომ ზიანს არ აყენებს. თუ უბრალოდ მუხლებზე დამაგდებ, მე კი მაშინვე ვდგები, ჩემთვის ეს არ არის „MMA-თეიქდაუნი“. ამით ზიანს არ აყენებ და არაფერს არ აღწევ. ამის გაკეთებით შენ ქულებსა და უპირატესობას არ უნდა იღებდე.
ველოდი, რომ ის ზუსტად ამას გააკეთებდა. მან მაიძულა მუდმივად მებრძოლა ჩაჭიდებებისთვის და ამით ბევრი დრო მოიგო. ჩემი დაცვა თეიქდაუნებისგან შეიძლება არ იყოს იდეალური, მაგრამ ვერავინ შეძლებს ჩემს მიწაზე დაჭერას“,
– განაცხადა ამერიკელმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში.
4 ოქტომბერს სენდჰაგენის დამარცხების შემდეგ, მერაბ დვალიშვილი ოქტაგონს უკვე 6 დეკემბერს დაუბრუნდება. UFC 323-ზე ლას-ვეგასში, რომლის მთავარ მოვლენაშიც ის თავის საჩემპიონო ქამარს რუსი პიოტრ იანის წინააღმდეგ დაიცავს.