„ასეთი მენტალიტეტი ძალიან მომწონს“ | დენა უაითმა მერაბზე ისაუბრა
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა, პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. უაითმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.
ჟურნალისტის შეკითხვა: „რამდენად სიგიჟეა, რომ მერაბმა ათი დღის წინ იჩხუბა და უკვე თანახმაა, დეკემბერში კიდევ ერთხელ შევიდეს ოქტაგონში?“
„ეს ძალიან მომწონს. ცოტა დრო დამჭირდა, რომ მერაბის მიმართ თბილი დამოკიდებულება გამჩენოდა (იცინის). ახლა კი მასთან ნამდვილად თბილი დამოკიდებულება მაქვს. ასეთი მენტალიტეტი მიყვარს. მას უნდა, იყოს პირველი ჩემპიონი, ვინც ერთი წლის განმავლობაში ტიტულს ოთხჯერ დაიცავს. თუ შეხედავთ იმას, რაც მან გააკეთა და როგორ დაამტკიცა თავი როგორც მებრძოლმა და როგორც მსოფლიო ჩემპიონმა — ეს მართლაც შთამბეჭდავია.“
შეგახსენებთ, რომ „მანქანამ“ ბოლო ჩხუბში კორი სენდჰეგენს აჯობა და რვაკუთხედში UFC 323-ზე დაბრუნდება. დვალიშვილი პიოტრ იანს დაუპირისპირდება და მათი ჩხუბი ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. UFC 323-ზე ალეშანდრე პანტოჟასა და ჯოშუა ვენის საჩემპიონო ორთაბრძოლასაც ვიხილავთ.
ცნობისთვის, წარსულში უაითმა მერაბი რამდენჯერმე გააკრიტიკა. როდესაც ქართველი მებრძოლი ალჯამეინ სტერლინგთან ჩხუბზე უარს ამბობდა, დენა აცხადებდა, რომ თუ UFC-ში ხარ, არავისთან ჩხუბს არ უნდა აარიდო თავი.