ბრიზუელასთან ერთად საუკეთესო იყო | შენგელიას ბარსელონა დუბაისთან დამარცხდა
თორნიკე შენგელიას „ბარსელონას“ ევროლიგაზე ზედიზედ სამი გამარჯვება ჰქონდა და „ბლაუგრანას“ სერია „დუბაისთან“ მატჩში შეწყდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა სტუმრად ითამაშა და 78:83 წააგო.
შენგელიამ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თოკომ პარკეტზე 24 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და აქტივში 19 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა. შენგელიამ 11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
„ბარსელონას“ რიგებში 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ ორმა კალათბურთელმა გადალახა. შენგელიას გარდა, 19 ქულით დარიო ბრიზუელა გამოირჩა. „დუბაის“ რიგებში საუკეთესო ფილიპ პეტრუშევი იყო - 23 ქულა. დუეინ ბეიკონმა 20 ქულა გააკეთა.
ცნობისთვის, „ბარსელონას“ სამი მოგება და ორი წაგება აქვს და მეექვსე ადგილზე იმყოფება. „ბლაუგრანა“ მომდევნო შეხვედრას 19 ოქტომბერს გამართავს და „უნიკახას“ დაუპირისპირდება.