„თუ ამას აპირებს, მაშინ უნდა თქვას რომ გამანადგურებს“, - უმარი მერაბზე
უმარ ნურმაგომედოვი, რომელიც უკვე მომავალ კვირას მარიო ბაუტისტას დაუპირისპირდება, მერაბ დვალიშვილთან რევანშის აღებას გეგმავს, მაგრამ ამერიკელთან გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ის არ აპირებს უსაქმოდ ჯდომას და ქართველ მებრძოლთან განმეორებითი ორთაბრძოლის მოლოდინში ყოფნას.
რუსის თქმით, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩაივლის მისი ბრძოლა და შეძლებს თუ არა დვალიშვილი დეკემბერში პიოტრ იანთან საჩემპიონო ქამარი დაიცვას.
უმარმა ასევე კომენტარი გააკეთა დვალიშვილის სიტყვებზე, რომელმაც შესაძლო რევანშში მისი განადგურების ანონსი გააკეთა.
„მან უნდა მოინდომოს ჩემი განადგურება, უნდა ილაპარაკოს ამაზე და ეცადოს ამის გაკეთებას. მას არ შეუძლია თქვას: „არ ვიბრძოლებ მასთან, მეშინია, არ მინდა მივცე მას შანსი“. ჩემპიონი ასე არ იქცევა. მან უნდა თქვას, რომ გამანადგურებს. ვნახოთ. მეც შემიძლია ვთქვა ყველაფერი, რაც მინდა, მაგრამ მერე რა? ლაპარაკი ყველას შეუძლია.
რაც შეეხება ბაუტისტას, ვფიქრობ, ის ძალიან კარგია. მართლაც კარგია და იმსახურებს ჩემთან ბრძოლას. მას UFC-ში 8-0 სერია აქვს – ეს შესანიშნავი შედეგია. როდესაც მის ბრძოლებს ვუყურებდი, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შესაძლოა ოდესმე ერთმანეთს შევხვედროდით“.
ნურმაგომედოვსა და ბაუტისტას შორის ბრძოლა UFC 321-ზე საღამოს მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, რომელიც 25 ოქტომბერს აბუ-დაბიში გაიმართება.