ორი ქართველის სამი ლელო - ახალაძის და მელიქიძის წარმატება
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის III ტური ორი ქართველი ლეგიონერისთვის შედეგიანი გამოდგა. „კლერმონმა“ საკუთარ სტადიონზე „პო“ 23-ქულიანი სხვაობით, 50:27 დაამარცხა და გამარჯვებაში არცთუ მოკრძალებული წვლილი გიორგი ახალაძემ შეიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა. მან პირველად მეტოქის ჩათვლის მოედანი მე-5 წუთზე აიღო, მეორე ლელო კი 54-ე წუთზე დადო. მატჩში მონაწილეობა ახალაძის გარდა კიდევ ორმა ქართველმა მიიღო და „პოს“ რიგებში ცვლილებაზე ბექა გორგაძე და ლექსო ყაულაშვილი შევიდნენ.
გიორგი მელიქიძე „ლიონი“ – „სტად ფრანსეს“ (42:37) მატჩში ცვლილებაზე ჩაერთო და 65-ე წუთზე ლელო დადო, თუმცა მისი ძალისხმევა მარცხისგან თავიდან ასაცილებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ლიონელების რიგებში შეცვლაზე გამოჩნდა ირაკლი აფციაური და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
სამი ტურის შემდეგ TOP 14-ის სატურნირო ცხრილს „ლიონი“ ლიდერობს. რაც შეეხება „კლერმონსა“ და „სტად ფრანსეს“, ეს გუნდები მე-12 და მე-10 პოზიციაზე იმყოფებიან. მომდევნო ტურის შეხვედრები 27-28 სექტემბერს გაიმართება.