რაგბი | შავი ლომი სამხრეთ აფრიკაში ორ ტესტ-მატჩს გამართავს
„შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და Toyota Challenge-ის ტურნირის ფარგლებში „ტოიოტა ჩიტასთან“ ორ თამაშს გამართავს.
Toyota Challenge არის ტურნირი, რომელიც „ჩიტასის“ სპონსორმა „ტოიოტამ“ 2021 წელს დააფუძნა. ტურნირში ყოველ წელს თამაშობს „ჩიტასი“, ვისთვისაც შეიქმნა ეს ტურნირი. განვლილი 4 წლის განმავლობაში მასში მონაწილეობა მიუღიათ სამხრეთაფრიკულ გუნდებს – „შარქსს“, „სტორმერსს“, „ვესთერნ პროვანსს“, „ბულსს“, „გრიფონსს“, „გრიქასსა“ და „პუმასს“.
თამაშები ბლუმფონტეინში, „ჩიტასის“ საშინაო არენა „ტოიოტა სთედიუმზე“ იმართება და მასპინძელთა შეხვედრებს SuperSport-ი პირდაპირ ეთერში გადასცემს.
„შავი ლომი“ „ჩიტასთან“ პირველ თამაშს 17 ოქტომბერს, საქართველოს დროით 20:00 საათზე გამართავს, მეორე შეხვედრა კი 26 ოქტომბერს 17:00 საათზე დაიწყება.
ქართული გუნდის მსგავსად, „ჩიტასი“ ჩელენჯ თასის გათამაშებისთვის ემზადება, რომელიც დეკემბერში დაიწყება.
მომავალ მატჩებზე კომენტარი საქართველოს ნაკრებისა და „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა გააკეთა:
„მოხარულები ვართ Toyota Challenge-ის შეჯიბრში მონაწილეობის შესაძლებლობით. „ჩიტასი“ მთელი მსოფლიოსთვის ნაცნობი ფრენჩაიზია, „ტოიოტა სთედიუმი“ კი შესანიშნავი ადგილია რაგბის სათამაშოდ. სამხრეთ აფრიკაში თბილ დახვედრას და ორ რთულ თამაშს ველოდებით“.