თურქეთთან და ბულგარეთთან ვერ ითამაშებს - უოტფორდმა ჩაკვეტაძის ტრავმა დაადასტურა
გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს სექტემბერში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, „უოტფორდის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. ქართველი ნახევარმცველის შესახებ წერია, რომ ფეხის თითის დაზიანებაზე მეთოდური მკურნალობაა საჭირო, რის გამოც გიორგის დაბრუნება მხოლოდ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება შესაძლებელი.
ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის თურქებთან და ბულგარელებთან მოახლოებულ საშინაო მატჩებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან საკვალიფიკაციო ციკლის 6 ქულით დაწყება ბუნებრივია, მიზნის მისაღწევად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ვილი სანიოლი სანაკრებო შემადგენლობას სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს გამოაცხადებს, თუმცა როგორც უკვე ინგლისელებმა დაწერეს, ჩაკვეს გამოძახება პრაქტიკულად გამორიცხულია.
ცნობისათვის, გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მინიმუმ 10 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე გადაცემა შესრულებული.