ცინცინატის კვალიფიკაცია - ბასილაშვილი ფინალში გავიდა
ცინცინატის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგის 155-ე ნომერს კრისტოფერ ეუბანკსს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, სამ სეტში 6:4 4:6 7:6 დაამარცხა.
პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ნავსი მე-7 გეიმში გატყდა, სადაც ქართველმა ბრეიკი შეასრულა, უპირატესობა მოიპოვა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
მეორე სეტიც იდენტურად მიმდინარეობდა, თუმცა ამჯერად მე-10 გეიმში ბრეიკი ამერიკელმა შეასრულა და მატჩი დისაიდერში გადავიდა.
მესამე სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე იდეალურად თამაშობდნენ და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც უკეთესი ნიკოლოზი აღმოჩნდა და მარტივად 7:2 მოიგო.
ცნობისთვის, ბასილაშვილი ცინცინატის კვალიფიკაციის ფინალში შოლკეიტსა და სმიტს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ფინალის მოგების შემთხვევაში კი ნიკოლოზი ცინცინატის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი და ეუბანკსი ერთმანეთს კარიერაში მეოთხედ დაუპირისპირდნენ და ოთხივე შემთხვევაში ქართველი დარჩა გამარჯვებული.