მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ჯონ ვუდი
Aa
Aa

„1 წელში მე-4 ბრძოლა ზედმეტი იყო? რაღაცებზე პასუხის გაცემა არ შემიძლია...“

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი, ჯონ ვუდი, მიიჩნევს, რომ რუსმა გამარჯვება დაპირისპირების ვიზუალური მხარის წყალობით მოიპოვა, რაც მერაბის სასარგებლოდ არ იყო.

„მე ვფიქრობდი, რომ ვიგებდით, ვაკონტროლებდით, ვაკეთებდით იმას, რაც საჭირო იყო. მაგრამ პიოტრს უფრო კაშკაშა მომენტები ჰქონდა, და ვფიქრობ, სწორედ ამან შეცვალა ბრძოლის ბედი. არასოდეს იცი... ზოგჯერ მსაჯებს სულაც არ ადარდებთ, ისინი ვერ ამჩნევენ ასეთ მომენტებს. მაგრამ მისი მომენტები უფრო მნიშვნელოვანი იყო – ზიანი, სისხლი – ეს ყველაფერი შეჯამდა და მის სასარგებლოდ გადაწონა. ეს ჩემი შეცდომაა, რომ არ ვაკონტროლებდით იმის ვიზუალურ მხარეს, რაც ხდებოდა. მაგრამ ბრძოლა ბრძოლაა – ზოგჯერ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც შენ გინდა.

ეს ძალიან ცუდია. კოშმარიდან გამოღვიძებას ჰგავს. ეს შეგრძნება არ ქრება. ვფიქრობდი, რომ ამ მოსამზადებელ ბანაკზე კარგი გეგმა გვქონდა, თუმცა ის მოკლე, მაგრამ რთული იყო. კულისებში ბევრი რამ ხდებოდა. მაგრამ ეს პიოტრის საღამო იყო. ეს გულს მტკენს, მაგრამ სპორტი ასეთია. ცუდი კარგ ამბებთან ერთად უნდა მიიღო. არ მინდა ვიყო ის, ვინც მხოლოდ გამარჯვებისას არის ცხენზე ამხედრებული, რადგან სპორტის მეორე მხარე დამარცხებებია. იქნება ცუდი დრო და კარგი დრო, და ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ დავბრუნდეთ, გავხდეთ უკეთესები და გავიგოთ, როგორ შევამციროთ ცუდი მომენტების რაოდენობა,“

– განაცხადა ამერიკელმა სპეციალისტმა MMA Fighting-თან ინტერვიუში.

ვუდმა ასევე კომენტარი გააკეთა იმ მოსაზრებაზე, რომ მერაბს კალენდარულ წელში ტიტული მეოთხედ არ უნდა დაეცვა და მესამე ცდაზე შეჩერებულიყო.

„არსებობს რამდენიმე პასუხი, რომლის გაცემაც შემეძლო, მაგრამ ეს ჩემი პრეროგატივა არ არის. მე უბრალოდ ჩემპიონის უკან მდგომი ადამიანი ვარ. გადაწყვეტილებას მერაბი იღებს. ბოლოს და ბოლოს, ეს მისი კარიერაა. ის არის პასუხისმგებელი საბოლოო გადაწყვეტილებებზე. და, სიმართლე გითხრათ, მანამდე არ ვიცოდით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ეს არავის გაუკეთებია. არც მას არ გაუკეთებია ეს.

შეგვეძლო სხვაგვარად მოვქცეულიყავით? დიახ. მოიქცეოდა თუ არა მერაბი სხვაგვარად, თუ უკან დაბრუნდებოდა? არა, არ მგონია. ის სიდიადისკენ ისწრაფვის. როდესაც შენ გინდა გახდე დიდი, გინდა იყო განსაკუთრებული, ასეთი რაღაცები ზოგჯერ გეგმის მიხედვით არ მიდის. რა თქმა უნდა, ახლა შეიძლება თქვა, რომ სხვანაირად შეიძლებოდა მოქცევა. მაგრამ გამარჯვება რომ მოეპოვებინა, ყველა იტყოდა: „ღმერთო ჩემო, ეს წარმოუდგენელია!“ და არავინ იმსჯელებდა, სწორად მოვიქეცით თუ არა. მაგრამ ყველაფერი არასწორად წავიდა.

ადამიანები იტყვიან იმას, რაც სურთ. მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი აზრი. მაგრამ ამ ადამიანების უმეტესობას არანაირი კავშირი არ აქვს საწვრთნელ პროცესთან. ყველაფერი ბევრად უფრო რთულია. მე ვამაყობ მერაბით. მაგრამ განცხადებების გაკეთებამდე, მას უნდა დაველაპარაკო. შეიძლება, ის თავს მშვენივრად გრძნობდა, და პიოტრი უბრალოდ უკეთესი იყო. არ ვიცი. მალე განვიხილავთ ამას და გადავწყვეტთ, რა იქნება შემდეგ,“

– განმარტა ვუდმა.

ამასთანავე, მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირება უკვე შემდეგ წელს ტრილოგია გახდება.

„უეჭველია, ამ ბრძოლას ისევ იხილავთ. დარწმუნებული ვარ, განხილვები უკვე მიმდინარეობს. ორი შესანიშნავი ბრძოლა, და პიოტრმა ასეთი ბრძოლა აჩვენა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც ყველა შეუჩერებლად მიიჩნევდა – ეს ტრილოგიისთვის იდეალური წინაპირობაა. ეს შესანიშნავი ბრძოლა იყო. მე იმდენად ვიყავი ჩართული პროცესში რაუნდიდან რაუნდში, რომ ვერც კი მივხვდი, რომ ხალხი მას „წლის ბრძოლას“ უწოდებდა. ეს იყო ფენომენალური ბრძოლა. მაშ, ვის არ უნდა ამის ხელახლა ნახვა? ეჭვი არ მეპარება: 2026 წელს ტრილოგია შედგება,“

– შეაჯამა ვუდმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები