„სალაჰის განცხადებები? სლოტს გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს“ - ალისონი
ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერთან“ გასვლითი მატჩის წინ „ლივერპულის“ მეკარემ, ალისონ ბეკერმა მოჰამედ სალაჰის განცხადებებზე და გუნდის ბოლოდროინდელ წარუმატებლობაზე ისაუბრა.
„სალაჰის განცხადებები? რთული სიტუაციაა, ვინაიდან მასთან ყველას კარგი ურთიერთობა გვაქვს. პირადად მე სალაჰთან ერთად მას შემდეგ ვთამაშობ, რაც ევროპაში გადმოვედი - 1 წელი „რომაში“ და შემდეგ უკვე 8 წელი „ლივერპულში“. ის შესანიშნავი პიროვნება და კარგი ადამიანია, „ლივერპულის“ ლეგენდა. ერთად ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ. პირადად ჩემთვის ეს სიტუაცია ძალიან უსიამოვნოა, მაგრამ ფეხბურთელებს ამაზე რეაგირების დრო არ გვაქვს. ხვალ დიდი გამოწვევა გველოდება. „ინტერი“ მიმდინარე სეზონში კარგად გამოიყურება, წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშეს და ამიტომ მხოლოდ ამ გამოწვევაზე ვფიქრობთ.
ფეხბურთში ყველაფერი ძალიან ხშირად იცვლება. ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ, ცოტა ხნის წინ ინგლისის ჩემპიონები გავხდით, მაგრამ ახლა ვართ ისეთ სიტუაციაში, რომელიც არავის მოსწონს. ასეთია ფეხბურთი: ყოველ მატჩში საუკეთესო დონე უნდა აჩვენო - ასეთი მოთხოვნებია „ლივერპულში“, ჩემპიონთა ლიგაზე, პრემიერლიგაში. არსებობს მოლოდინი, რომ გამოცდილი ფეხბურთელები ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად უფრო მეტს გავაკეთებთ. ვცდილობთ, ეს მოლოდინი გავამართლოთ. პირადად მე ვცდილობ, არა მხოლოდ კარგი თამაშით, არამედ გასახდელში ლიდერობითაც შევიტანო ჩემი წვლილი და ახალგაზრდებს, ახალწვეულებს ადაპტაცია გავუმარტივო. არა მხოლოდ მე - ვირჯილ ვან დაიკი, ენდრიუ რობერტსონი და სხვები, ვინც დიდი ხანია, „ლივერპულშია“.
უჭერს თუ არა გუნდი მხარს არნე სლოტს? რა თქმა უნდა. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ შარშან ერთად პრემიერლიგა მოვიგეთ. სლოტის მოსვლამდე ყველა იმაზე საუბრობდა, რომ იურგენ კლოპის შეცვლა მისთვის უდიდესი გამოწვევა იქნებოდა. ახლა კი ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ შარშანდელი ჩემპიონობა ყველამ ისე მიიღო, თითქოს ეს ასეც უნდა მომხდარიყო. გვჯერა სლოტის გეგმებისა და საფეხბურთო ცოდნის. მას შეუძლია ამ სიტუაციიდან გუნდის გამოყვანა. მისი არა მხოლოდ ჩვენ გვჯერა, არამედ კლუბის ხელმძღვანელობასაც. მეტსაც გეტყვით, ეს მხოლოდ არნეს პასუხისმგებლობა არაა - მე, როგორც ფეხბურთელი, ასევე პასუხისმგებელი ვარ ამ სიტუაციის გამოსწორებაზე“.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰმა „ლივერპული“ მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კლუბმა ის განტევების ვაცად აქცია და მას არნე სლოტთან არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს. ამ განცხადებების შემდეგ სლოტმა სალაჰი განაცხადს მიღმა დატოვა - ის გუნდთან ერთად იტალიაში არ გაემგზავრა.
რაც შეეხება „ლივერპულს“, 15 ტურის შემდეგ „მერსისაიდელები“ პრემიერლიგაში მე-10 ადგილზე (7 მოგება, 2 ფრე, 6 წაგება), ჩემპიონთა ლიგაზე კი მე-13 ადგილზე არიან (3 მოგება, 2 წაგება).