„ჩემი დრო აუცილებლად მოვა, ბალანსის პოვნა აუცილებელია“ | გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი, ფლორიან ვირცი და ჯერემი ფრიმპონგი The Reds Roundtable-ის სტუმრები იყვნენ. ქართველმა მეკარემ ბევრ თემაზე ისაუბრა და სამომავლო გეგმები გაგვიზიარა.
ლივერპული და მომენტი, როდესაც გაიგო, რომ „წითლებს“ მისი გაფორმება სურდათ
„ლივერპულთან კონტრაქტი თითქმის სამი წლის წინ გავაფორმე. მოცდა მომიწია და ძალიან გრძელი წელი იყო, სანამ „ლივერპულში“ გადმოვიდოდი. ახლა ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები.“
ვინ დაეხმარა ყველაზე მეტად თავის დამკვიდრებასა და ადაპტაციაში
„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მხარდაჭერა, რომელიც აქ ვიგრძენი. ინგლისურად კარგად ვერ ვლაპარაკობდი და ალექსის მაკ ალისტერი და ალისონი ძალიან დამეხმარნენ. მგონი, ახლა უკეთესად ვლაპარაკობ.“
ვინ შთააგონა ყველაზე მეტად
„როდესაც „ვალენსიაში“ ვიყავი, ჩემმა ყოფილმა მეკარეების მწვრთნელმა, ხოსე მანუელ ოჩოტორენამ მითხრა, რომ ამბიციასა და მოთმინებას შორის ბალანსი უნდა მეპოვნა. მითხრა, რომ მუშაობა გამეგრძელებინა, რადგან არასდროს იცი, შენი შანსი როდის გამოჩნდება. ჩემი დრო აუცილებლად მოვა. შეიძლება ამ სეზონში არ მოხდეს, მაგრამ ვიმუშავებ და ჩემი დრო მოვა.“
საფეხბურთო ბავშვობა
„მამაჩემი მეკარეების მწვრთნელი იყო და ჩემთან მიმართებით სიმკაცრესა და სიმტკიცეს იჩენდა. მახსოვს, ერთხელ საქართველოში ტურნირი ტარდებოდა. ნახევარფინალურ შეხვედრაში შეცდომა დავუშვი, მაგრამ მაინც მოვიგეთ. ფინალში სამი პენალტი ავიღე და გავიმარჯვეთ, მაგრამ მან ტურნირის საუკეთესო მეკარის ჯილდო სხვა გოლკიპერს გადასცა და ტირილი დავიწყე. მახსოვს, ვკითხე, ასე რატომ გააკეთე-მეთქი, და მიპასუხა: „ნახევარფინალი გახსოვს?“
კონკურენცია ალისონთან და მეგობრობა
„რა თქმა უნდა, ეს მარტივი არასდროსაა, რადგან მხოლოდ ერთი კარია. როგორც აღვნიშნე, თუ არ ვთამაშობ, პრობლემა არ მაქვს. ყოველდღიურად შრომა და ვარჯიში უნდა გავაგრძელო და სულ ესაა. ჩემი დრო მოვა.“