არსენალს ახალ დონეზე აიყვანს | ინგლისურ პრესაში კვარაზე წერენ
„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, „არსენალს“ დაუკავშირეს. ესპანურმა გამოცემამ Fichajes-მა დაწერა, რომ „მეთოფეები“ მის ტრანსფერზე ფიქრობენ და ამ ინფორმაციას ლონდონური გამოცემა Arsenal Insider გამოეხმაურა.
ხვიჩა კვარაცხელია „არსენალში“ — ტრანსფერი, რომელიც მეთოფეებს ახალ დონეზე აიყვანს
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ არსენალი ახალ გარემარბს ეძებს და შესაძლოა, ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე დიდი თანხა დახარჯოს. მართალია, აშკარაა ხარისხი, რომელიც მეთოფეებს ფლანგებზე აქვთ, მაგრამ კვარაცხელიას გაფორმება მათ ახალ სიმაღლეებზე აიყვანს.
მიკელ არტეტას პერიოდში არსენალმა შემადგენლობის გასაძლიერებლად დიდი ფინანსური რესურსი გაიღო. სწორედ ამიტომ, მოთამაშე, რომელსაც სურს, რომ სასტარტო თერთმეტეულში რეგულარულად ხვდებოდეს, უმაღლესი დონის უნდა იყოს. ხვიჩა კვარაცხელია სწორედ ასეთია. ქართველი გარემარბი პსჟ-ში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. იგი ნაპოლიში უმაღლეს დონეზე სტაბილურად თამაშობდა და პარი სენ-ჟერმენმა მისი შეძენა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.
იმ სეზონში კვარაცხელიამ ჯამში 51 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. კულმინაცია კი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო, სადაც მან სწორედ ისეთი თამაში აჩვენა, რომელიც მის დიდ სატრანსფერო ფასს ამართლებდა.
მიმდინარე სეზონში ქართველი გარემარბი იმავე დონეზე ჯერ არ ასულა, თუმცა ახლოსაა, როგორც გოლების, ისე საგოლე გადაცემების გრაფაში ორნიშნა ნიშნული გადალახოს. მის ანგარიშზე 9 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის, რომ კვარაცხელია ფიზიკური გამძლეობით გამოირჩევა — ეს კი არსენალს განსაკუთრებით იზიდავს. ასეთი ფეხბურთელები, რომლებიც ფიზიკურად ძლიერები არიან და გამძლეობით გამოირჩევიან, პრემიერ ლიგისთვის არიან შექმნილნი.
მარცხენა გარემარბის პოზიციაზე კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესოა და შესაძლოა, მასზე წინ მხოლოდ ვინისიუს ჟუნიორი იდგეს. თუ არსენალმა ტრანსფერი დახურა, ეს გარიგება კლუბს საშუალებას მისცემს, პრემიერ ლიგა რეგულარულად მოიგოს,“ — წერს ინგლისური გამოცემა.
სხვათა შორის, „არსენალის“ გარდა, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ ვარიანტებიც გაჟღერდა. ზაფხულამდე დიდი დროა, მანამდე კი კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი ელის, სადაც კიდევ ერთ ინგლისურ კლუბს, „ჩელსის“, დაუპირისპირდება.