23 გაძევება | კრუზეირომ და ატლეტიკო მინეირომ გუნდი გუნდზე იჩხუბეს
მინეიროს შტატის ჩემპიონატის ფინალში „კრუზეირო“ „ატლეტიკო მინეიროს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი კაიუ ჟორჟემ გაიტანა, რომელმაც საკუთარი გუნდი მე-60 წუთზე დააწინაურა.
„კრუზეიროსა“ და „ატლეტიკო მინეიროს“ მატჩი საფეხბურთო ყურადღების ცენტრში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში განვითარებული მოვლენების გამო მოექცა. მეექვსე დამატებულ წუთზე „კრუზეიროს“ ნახევარმცველი კრისტიანი მეტოქე გუნდის მეკარეს, ევერსონს შეეჯახა, რის შემდეგაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
ევერსონი გაბრაზდა და კრისტიანი რაგბისთვის დამახასიათებელი ბოჭვით წააქცია, შემდეგ კი მის ზემოთ აღმოჩნდა და უყვიროდა. „კრუზეიროს“ ფეხბურთელებმა „ატლეტიკო მინეიროს“ მეკარის ქცევა უპასუხოდ არ დატოვეს და გუნდი გუნდზე ჩხუბი დაიწყო, რომელშიც ცნობილი ფეხბურთელი ჰალკიც მონაწილეობდა. მოედანზე ვითარება უკონტროლო გახდა და მდგომარეობის დასამშვიდებლად ხელკეტებითა და ფარებით აღჭურვილი პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო.
მატჩი 10 წუთზე მეტი ხნით შეჩერდა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, მატეუშ კანდანკანმა 23 ფეხბურთელი გააძევა. სხვათა შორის, მოედანზე კანდანკანმა წითელი ბარათი ვერავის ამოუღო, რადგან, როგორც მოხსენებაში ახსნა, ეს შეუძლებელი იყო, თუმცა დაადასტურა, რომ 23 ფეხბურთელი გააძევა.
„კრუზეიროს“ გაუძევეს: კასიო, ფაგნერი, ფაბრისიუ ბრუნო, ჟოაო მარსელო, ლუკას ვილიალბა, კაუა პრატესი, კრისტიანი, ლუკას რომერო, მატეუშ ენრიკი, უოლასი, ჟერსონი და კაიუ ჟორჟე.
„ატლეტიკო მინეიროს“ გაუძევეს: ევერსონი, გაბრიელ დელფიმი, პრესიადო, ლიანკო, რუან ტრესოლდი, ჟუნიორ ალონსო, რენან ლოდი, ალან ფრანკო, ალან მინდა, კასიერა, ჰალკი.