ნოდარ ქორქია, კამარ ბოლდუინი, მარკის რიდი
Aa
Aa

„ნაკრების თამაში გაცილებით სწრაფი გახადა“ - ქორქიასთვის რიდი ბოლდუინზე უკეთესია

ნოდარ ქორქიას კალათბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. კარიერის მანძილზე საქართველოს ჩემპიონატი 6-ჯერ აქვს მოგებული, მოგვიანებით კი, ოქროს მედლები პოლონეთის პირველობაზე პოზნანის „ლეხის“ შემადგენლობაშიც მოიპოვა. ის პირველი ქართველია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველოს კლუბი საერთაშორისო ტურნირზე გაიყვანა - 1992 წელს, ქორქიამ ზაზა ღონღაძესთან ერთად „მერანი“ ჩამოაყალიბა და „კორაჩის თასზე“ ათამაშა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ალბათ არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ვეტერან კალათბურთელს სპორტის ამ სახეობაში საოცრად ღრმა ცოდნა აქვს და მისი მოსაზრება საქართველოს ნაკრების მიერ დანიელებთან კოპენჰაგენსა და თბილისში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩებზე, წესით ყველასთვის საინტერესო უნდა იყოს. ქორქიამ Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განვლილი შეხვედრები დეტალურად გაანალიზა და ახალ ნატურალიზებულ კალათბურთელზეც საინტერესო შეფასება გააკეთა.

ნოდარ ქორქია

დანიელებთან ჩატარებული მატჩებით ძალიან კმაყოფილი ვარ - ბიჭებმა მშვენივრად ითამაშეს, განსაკუთრებით თბილისში. რაც შეეხება მერკვილაძეს, ალექსის შესახებ მანამდეც გაგებული მქონდა და ორივე თამაშში დაამტკიცა, რომ პერსპექტიული კალათბურთელია, რომელზე დაყრდნობა და იმედების დამყარება მთავარ მწვრთნელს უპრობლემოდ შეუძლია.

პერიმეტრიდან დღეს შეიძლება ყველა ბურთი ჩააგდო, ხვალ კი ვერც ერთი. მერკვილაძის შეფასებისას პირადად მე მხოლოდ ამ კომპონენტით არ ვხელმძღვანელობ. ალექსი ფარზეც მშვენივრად მუშაობდა, პირველი შეტევის დაწყების დროსაც და მოკლედ მისი თამაშით მთლიანად კმაყოფილი დავრჩი.

მარკის რიდი აშკარად უმაღლესი დონის კალათბურთელია. მისი მოსვლით საქართველოს ნაკრების თამაშმა სისწრაფე შეიძინა. თუ ადრე პირველი შეტევის დაწყებას ვაყოვნებდით, ახლა ყველაფერი სწრაფად ხდება და ვთამაშობთ ნამდვილ ქართულ კალათბურთს, როგორსაც ადრე ვთამაშობდით. მარკისს პრაქტიკულად გუნდთან ერთად სრულფასოვანი მზადების პროცესი არ გაუვლია და ორივე მატჩებში 20-20 ქულა დააგროვა. წარმოიდგინეთ, როდესაც ის თანაგუნდელებთან შეთამაშდება, რამდენად სასარგებლო იქნება. ჩემი აზრით, არჩევანის გაკეთების დროს, რიდი ბოლდუინს უნდა ვამჯობინოთ - ამაზე კამათიც არ ღირს.

თორნიკე შენგელიაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს და მე უბრალოდ ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი შესანიშნავი ადამიანი და ასეთივე მოთამაშეა. ექვს დღეში სამი მატჩის ჩატარება საოცარ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მზაობას მოითხოვს, რის გამოც თოკო უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.

უზომოდ მახარებს სანდრო მამუკელაშვილის წარმატებები ევროპაში. უთამაშებლობა თითქოს დაასრულა გოგა ბითაძემაც და იმედია მწვრთნელი გარკვეულ წუთებს კიდევ მისცემს. გოგა სეზონის დასაწყისში პერიმეტრიდან უფრო ხშირად ისროდა, ამ ბოლო ხანს კი საერთოდ აღარ ისვრის, რაც ალბათ მწვრთნელის დავალებაა, რომ ფარზე და დაცვაში უფრო იმუშაოს. ეს ბიჭები ზაფხულში საქართველოს ნაკრებს კიდევ უფრო ძლიერს გახდიან და მგონი უკვე გვყავს 8 კალათბურთელი მაინც, რომლებზეც იმედების დამყარება შეიძლება.

ამერიკელები გამთამაშებლების პოზიციაზეც კარგები არიან და მსროლელებადაც მაღალი დონისანი. იმედია რატი ანდრონიკაშვილიც ძველებურ ფორმას დაიბრუნებს. ესპანეთთან რამდენიმე წლის წინ ისე ითამაშა რატიმ, რომ მეგონა „ბარსელონაში, ან NBA-ში პირდაპირ დარბაზიდან წაიყვანდნენ. რატომ ვეღარ გამოსდის ასპარეზობა ამ ბოლო დროს არ ვიცი, თუმცა მჯერა, რომ ძველებურ ფორმას დაიბრუნებს.

შეგახსენებთ, რომ დანიელებთან მიღწეული წარმატებით საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის საგზური მოიპოვა. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს კი ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებული გუნდი ივლისში უკრაინელებთან საგარეო და ესპანელებთან საშინაო მატჩით დაასრულებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ შემთხვევაში ნაკრებს ხატიაშვილიც ვეღარ დაეხმარება“ - სანიკიძე ახალ დაბრკოლებაზე
„ამ შემთხვევაში ნაკრებს ხატიაშვილიც ვეღარ დაეხმარება“ - სანიკიძე ახალ დაბრკოლებაზე