„საქართველოში ლაგუნა ტენერიფეზე ყველაფერი იციან“ - რეკორდსმენი შერმადინის ინტერვიუ
რამდენიმე დღის წინ გიორგი შერმადინი კიდევ ერთი ისტორიული მიღწევის ავტორი გახდა - „მანრესასთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ, მას „ლაგუნა ტენერიფეს“ შემადგენლობაში 3194 ქულა დაუგროვდა, ხერმან გონსალესს (3191) გაუსწრო და კანარის კუნძულების საკალათბურთო კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ბუნებრივია, რეკორდის დამყარების შემდეგ მას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტი ესაუბრა და 36 წლის მოთამაშემ საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა.
გიორგი შერმადინი
მატჩის დასრულების შემდეგ ახალ ამბებს გავეცანი და სწორედ იქ შევიტყვე, რომ „ლაგუნა ტენერიფეს“ ყველა დროის საუკეთესო მექულე გავხდი. ამაზე ნებისმიერი კალათბურთელი იოცნებებდა, რადგან ვთამაშობთ ზუსტად იმისათვის, რომ გულშემატკივრებს თავი დადებითი კუთხით დავამახსოვროთ. იმედია მსგავს წარმატებებს გავაგრძელებ, რადგან დიდი სურვილი მაქვს ამ გუნდის ღირსებას კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ვიცავდე.
როგორც ესპანეთიდან, ასევე სამშობლოდან უამრავი მისალოცი შეტყობინება მივიღე. მომილოცეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციიდანაც. საერთოდ, მინდა იცოდეთ, რომ საქართველოში „ლაგუნა ტენერიფეს“ შესახებ ყველაფერი იციან, რადგან ჩვენი კლუბის თამაშები როგორც ტელევიზიის, ასევე ვებ-გვერდების საშუალებით აქტიურად შუქდება.
ჩემს ხანგრძლივ კარიერაში უამრავ მწვრთნელთან და თანაგუნდელთან მქონია შეხება, მაგრამ მერწმუნეთ, „ლაგუნა ტენერიფეს“ დამრიგებელი ჩუს ვიდორეტა და ჩემი ახლანდელი გუნდელები გამორჩეულები არიან. თითოეული თვის, კვირისა, თუ ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, თითოეული რეკორდი მათ ეკუთვნით, რადგან მწვრთნელს რომ ხელი არ შეეწყო, მარსელინიო უერტასს, ბრუნო ფიტიპალდოსა და ხაიმე ფერნანდესს სათანადო პასებით არ მოვემარაგებინე, ასეთ შედეგს ნამდვილად ვერ ვაჩვენებდი.
ცნობისათვის, წლევანდელ სეზონში გიორგი შერმადინმა როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 33 შეხვედრაში 421 ქულა დააგროვა.