„მესი ბრუნდებოდა, მაგრამ ეს ლაპორტამ არ დაუშვა“ | ჩავის სკანდალური განცხადება
„ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ, გამოცემა La Vanguardia-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ესპანელმა სპეციალისტმა ლიონელ მესიზე ისაუბრა და გაიხსენა, რატომ არ შედგა „ლა პულგას“ დაბრუნება „ბლაუგრანაში“ 2023 წელს.
„კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა სიმართლეს არ ამბობს. 2023 წლის იანვარში ლეო ფაქტობრივად უკვე გაფორმებული გვყავდა. მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ჩვენ შორის კონტაქტი შედგა და მან მითხრა, რომ ბარსელონაში დაბრუნების პერსპექტივით აღფრთოვანებული იყო. მარტამდე ვსაუბრობდით და ვუთხარი: „როდესაც საბოლოო თანხმობას მომცემ, პრეზიდენტს ვეტყვი, რადგან საფეხბურთო თვალსაზრისით, გუნდს ერგები“
პრეზიდენტმა მესის მამასთან კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკება დაიწყო და ლა ლიგისგან მწვანე შუქიც გვქონდა, თუმცა ყველაფერი ლაპორტამ გააჩერა. ჩემი ინტერესი სიმართლის თქმაა და ლეო ბარსელონაში არ დაბრუნდა, რადგან მისი დაბრუნება პრეზიდენტს არ უნდოდა.
მესი სწორედ პრეზიდენტის გამო ვერ გავიფორმეთ. ლა ლიგა ან ის, თითქოს ხორხე მესი მეტ ფულს ითხოვდა, არაფერ შუაშია — ეს ტყუილია. ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ლაპორტას გამო არაფერი გამოვიდა. მან ზუსტად ასეთი რამ მითხრა: „თუ მესი დაბრუნდება, მის წინააღმდეგ ნამდვილი ომი დაიწყება და ამას ვერ დავუშვებ.“ ამის შემდეგ ლეო ჩემს ზარებს აღარ პასუხობდა. მის მამას დავუკავშირდი და მან მითხრა, რომ პრეზიდენტს დავლაპარაკებოდი.“
საინტერესოა, რომ 15 მარტს „ბარსელონას“ პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება და „ბლაუგრანას“ ზოგიერთმა გულშემატკივარმა ჩავის განცხადებები მასზე გავლენის მოხდენის მცდელობად აღიქვა. არ არის გამორიცხული, ამ ინტერვიუმ ბევრი რამ შეცვალოს. რაც შეეხება ლაპორტას, მან განაცხადა, რომ მესი სახელფასო შეზღუდვების გამო ვერ გაიფორმა.