„დარჩენილ მატჩებში 6 ქულა უნდა ავიღოთ“ - ჰანსი ფლიკი
ჩემპიონთა ლიგაზე „აინტრახტის“ დამარცხების შემდეგ (2:1) „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა თამაშის მიმდინარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ „ბარსელონას“ მიზანი დარჩენილი ორი მატჩის მოგებაა.
„ერთი მხრივ, მიხარია, რომ უკვე მერამდენედ თამაშის შემოტრიალება შევძელით. ეს ხაზს უსვამს ჩვენს მენტალიტეტსა და საქმისადმი დამოკიდებულებას. თუმცა, მეორე მხრივ, წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ მატჩებს უფრო კარგად დავიწყებთ და პირველები გავიტანთ.
სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანია. მეტოქე დიდი ძალებით იცავდა თავს, მაგრამ სიტუაციას ვაკონტროლებდით და მომენტებსაც ვქმნიდით. მადლობას ვუხდი გუნდს ამ თამაშისთვის, დაცვაში ფანტასტიკურად ვითამაშეთ, ხოლო „აინტრახტის“ კართან მომენტების შექმნა არასოდესაა მარტივი. შესვენებაზე კორექტივები შევიტანეთ და ამან გაამართლა. მადლობა ჩემს სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამუშაოსთვის.
არ ველოდი, რომ კუნდე ორ გოლს გაიტანდა, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის. იამალის რეაქცია შეცვლაზე? ის იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ყვითელი ბარათი ჰქონდა და, თანაც, დასვენება სჭირდებოდა - შეცვლის მიზეზი სწორედ ეს იყო.
საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა? თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. ეს ჩემპიონთა ლიგაა, სადაც იოლი მატჩები არ არსებობს. ჩვენი მიზანია, დარჩენილ მატჩებში 6 ქულა ავიღოთ“.
ცნობისთვის, პირველ ტაიმში ანგარიში გერმანელთა ფორვარდმა, ანსგარ კნაუფმა გახსნა, რასაც მეორე ტაიმში „ბლაუგრანას“ განაპირა მცველმა, ჟიულ კუნდემ დუბლით უპასუხა.
აქვე გეტყვით, რომ 6 მატჩის შემდეგ „ბარსელონას“ 10 ქულა აქვს და დარჩენილ 2 ტურში კატალონიელები გასვლაზე პრაღის „სლავიას“ და საკუთარ კედლებში „კოპენჰაგენს“ დაუპირისპირდებიან.