„დოლიძემ მომავალ ჩემპიონთან წააგო“ - სეხუდოსთვის ერნანდესი დივიზიონში საუკეთესოა
რომან დოლიძესა და ენტონი ერნანდესს შორის გასამართი ბრძოლის წინ, როგორც ბუკმეიკერები, ასევე MMA-ს ექსპერტები უპირატესობას ამერიკელს ანიჭებდნენ, მაგრამ მისგან ასეთ დომინანტურ გამარჯვებას მაინც არავინ ელოდა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ერნანდესმა ოთხივე რაუნდში აჯობა დოლიძეს, რაც სხვათა შორის UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა ჰენრი სეხუდომაც აღნიშნა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ვფიქრობ, რომან დოლიძე საშუალო წონითი კატეგორიის მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა. ენტონის შესაძლებლობებში გარკვეული ეჭვები მქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დღეს ვიხილე, მგონია, რომ ეს ბიჭი მომავალი ჩემპიონია და ასეთი პერფომანსი ამ დივიზიონში უკანასკნელი სამი წელია არავის უჩვენებია. ერნანდესს ზედიზედ რვა მოგება აქვს და გახსენდებათ, ამ დივიზიონში რომელიმე სპორტსმენი, რომელსაც ზედიზედ რვა ბრძოლა მოეგოს და სატიტულო ჩხუბი არ მიეღოს? მგონია დროა, ენტონი ერნანდესს რენიე დე რიდერი ახლოს გავაცნოთ“.
შეგახსენებთ, რომ რენიე დე რიდერმა რამდენიმე კვირის წინ რობერტ უიტეკერი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა, რაც შეეხება ერნანდესს, ის ითხოვს, რომ ხამზატ ჩიმაევთან, ან დრიკუს დუ პლესისთან ბრძოლის შესაძლებლობა მისცენ.