მაკარიძის ყოფილ კლუბში - ჯოკოვიჩის ახალი გატაცება
ნოვაკ ჯოკოვიჩი ლამის ყოველი ინტერვიუს დროს აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით კარიერის დასრულებას არ აპირებს, მაგრამ როგორც ჩანს გულის სიღრმეში კარგად ხვდება, რომ შორს არ არის ის დრო, როდესაც ჩოგბურთისთვის თავის დანებება მოუწევს. რას გააკეთებს კორტს მიღმა, სავარაუდოდ ამის თაობაზეც გარკვეული მონახაზი ნოლეს უკვე აქვს და სწორედ ამის დასტური იყო მის მიერ მიღებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება.
დიდი სლემის ტურნირების 24-გზის ჩემპიონი აპირებს საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ „ლე მანის“ ერთ-ერთი აქციონერი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაცია ავტორიტეტულმა გამოცემა L’equpe-მა გაავრცელა. როგორც ირკვევა, ჯოკოვიჩი ფორმულა 1-ის ყოფილ მრბოლელებთან, ფელიპე მასასთან და კევინ მაგნუსენთან ერთად, ფონდ Outfield-ის ერთ-ერთი წევრია, რომელიც „ლე მანში“ 80 მილიონი დოლარის დაბანდებას გეგმავს.
ცნობისათვის, „ლე მანი“ ამჟამად საფრანგეთის ლიგა 2-ში გამოდის და ამ კლუბში სხვადასხვა პერიოდში ორ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მაკარიძესა და ამირან სანაიას უთამაშია.