„UFC-ში ასეთი პირველი სწორედ მე ვიქნები“ - თოფურიას ახალი სურვილი
ილია თოფურიამ უმოკლეს პერიოდში შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში იმდენად დიდ წარმატებებს მიაღწია და ისეთ დიდ სიმაღლეებზე ავიდა, რომ მისგან გულშემატკივარი უკვე ნებისმიერი დაპირების შესრულებას ელოდება. სანამ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტულის დასაცავად ოპონენტი გამოუჩნდება, ან UFC-ის ხელმძღვანელები მესამე დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მოპოვებისთვის ჩხუბის შანსს მისცემენ, „ელ მატადორს“ სურს ახალ გამოწვევებს შეეჭიდოს და ასეთი განცხადება გააკეთა:
„ყოველთვის ასეთი შემართება მაქვს და მსურს ახლაც საკუთარ თავს ახალი მიზანი დავუსახო. სავსებით შესაძლებელია და ძალიან მინდა გავხდე UFC-ის პირველი მებრძოლი, რომელიც კრივში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. ასე რომ, სპორტის ამ სახეობის მესვეურებს მოვუწოდებ ჩემს განცხადებას ყურადღება მიაქციონ, რადგან მზად ვარ გულშემატკივარს დაუვიწყარი შოუ შევთავაზო“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში UFC-ის ჯერ ქვემსუბუქი, ხოლო შემდეგ მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა და მან ამის გაკეთება ისეთი ლეგენდების დამარცხების ფონზე მოახერხა, როგორებიც ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა არიან.