მარცხი ლიეტუვასთან - ევრობასკეტისთვის მზადება გრძელდება
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებული გუნდი კაუნასში ლიეტუველებს დაუპირისპირდა და 23-ქულიანი სხვაობით, 54:77 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის უპირველესი საკალათბურთო გუნდი კაპიტნის გარეშე იყო დარჩენილი - თორნიკე შენგელიამ პირადი ხასიათის მიზეზების გამო შეკრება დატოვა, ესპანეთში გაფრინდა და ნაკრებს ჩეხეთში შეუერთდება.
ქართველ კალათბურთელებს შორის ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელიც ნაკრებს ორიოდე დღეა რაც შეუერთდა. „მამუმ“ 23:32 წუთში 15 ქულასთან ერთად, თითო-თითო მოხსნა, ასისტი და ჩაჭრა დააგროვა. 9 ქულა და 5 მოხსნა იყო ბექა ბურჯანაძის ანგარიშზე, ხოლო გოგა ბითაძემ 8 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. ქულების დანარჩენი რაოდენობა გიორგი შერმადინზე (6 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი), კამარ ბოლდუინზე (7 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა), გიორგი კორსანტიაზე (5 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 ასისტი) და გიორგი ოჩხიკიძეზე (4 ქულა, 1 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა) გადანაწილდა.
ახლა უკვე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ქალაქ სოსნოვიეცში გაემგზავრება, სადაც 14 აგვისტოს პოლონეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას კი ქართველი კალათბურთელები 15-23 აგვისტოს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაივლიან.